ნაყინის მწარმოებელმა კომპანია "თოლიამ" საქართველოს მასშტაბით რამდენიმე ახალი ფილიალი დაამატა.
როგორც "თოლიას" მარკეტინგის მენეჯერი სანდრო ლომთაძე "ბიზნესპარტნიორთან" განმარტავს, კომპანიამ ახალი ობიექტები თბილისში დიღომში, წერეთლის გამზირსა და სააკაძის მოედანზე გახსნა. ასევე, "გლდანი მოლში" მეორე, ხოლო "ბათუმი მოლში" ახალი ობიექტი დაამატა.
მისივე ინფორმაციით, ახალი ობიექტების საინვესტიციო ღირებულება მათი ზომისა და ტიპის მიხედვით განსხვავდება და საშუალოდ ₾200 000-250 000-ს შეადგენს.
"ჩვენი წარმადობის თქმა ახლა რთული სათქმელია... შემიძლია გითხრათ, რომ პროდუქცია აქტიურად იყიდება, ასორტიმენტის გაზრდას ჯერჯერობით არ ვაპირებთ - შევხედავთ რა შედეგი გვექნება და იმის მიხედვით ვიმოქმედებთ. მომავალ წელს ახალ ობიექტებს აუცილებლად დავამატებთ, თუმცა დამატებით ინფორმაციას ამ ეტაპზე ვერ გეტყვით.
გამოწვევების შესახებ, რომ გესაუბროთ ნაყინის ინდუსტრიაში მთავარი გამოწვევა სეზონურობის შემცირებაა. სანაყინეები უნდა განვითარდეს, რაც სეზონურობის შემცირებას ნაწილობრივ ხელს შეუწყობს. კონკურენციის მიმართულებით რომ გესაუბროთ, მაღალია. მაღალ კონკურენციას, რომ გავუმკლავდეთ სხვადასხვა ხაზით ვმუშაობთ მათ შორისაა - ასორტიმენტის გაზრდა, პროდუქციის მაღალი ხარისხი და ა.შ. ნედლეულს ევროკავშირის ქვეყნებიდან, ასევე სამხრეთ აფრიკიდან, ბრაზილიიდან ვყიდულობთ, ადგილობრივი ნედლეულის წილი ძალიან მცირეა. ჩვენი იმპორტირებული ნედლეული მაღალი ხარისხით გამოირჩევა, რაც ჩვენს კონკურენტუნარიანობას ზრდის", - აცხადებს კომპანიის წარმომადგენელი.
შეგახსენებთ, კომპანია "თოლია" ქართულ ბაზარზე 27 წელზე მეტია ოპერირებს და ნაყინის, დაახლოებით, 60-მდე სახეობას აწარმოებს. კომპანიაში დასაქმებული 400-ზე მეტი ადამიანია.