“ნათია ჯანაშიას ქმედებები და მის მიერ წამოწყებული გააზრებული თუ გაუაზრებელი სამართლებრივი ომი ინვესტორთან, მისთვის “ბუმერანგის ეფექტს” იძენს. ვითარება კვანძის ლოგიკურ გახსნამდე მიდის. სავარაუდოა, რომ კომპანიის ინტერესების დაცვისა და ნორმალური ფუნქციონირების გაგრძელების უზრუნველსაყოფად, სასამართლო პარტნიორობიდან ნათია ჯანაშიას გარიცხვის გადაწყვეტილებას მიიღებს და ამით ინვესტორის მოთხოვნას დააკმაყოფილებს, რომელიც მან შესაგებელი სარჩელით დაუპირისპირა ნათია ჯანაშიას სარჩელს, სადაც ის ითხოვდა პარტნიორობიდან 70 % წილის მქონე ინვესტორის გარიცხვას.
ეს იქნება შედეგი, რომელიც ნათია ჯანაშიამ საკუთარი ტაქტიკური შეცდომებითა და კომპანიისთვის საზიანო ქმედებებით თავადვე უზრუნველყო”, - ამბობს ანალიტიკოსი გიორგი ცუცქირიძე, რომელიც ბოლო პერიოდია, აქტიურად აკვირდება “ბრიტანულ-ქართულ აკადემიასთან” დაკავშირებული დავის მიმდინარეობას და მიმოხილვას პერიოდულად უზიარებს საზოგადოებას.
ანალიტიკოსი საკუთარ მოსაზრებას კონკრეტულ არგუმენტებზე დაყრდნობით ასაბუთებს. მისი თქმით, ნათია ჯანაშიამ პარტნიორობიდან ინვესტორის გარიცხვის მოთხოვნის დაყენებით, სამართლებრივ ბრძოლაში, მძიმე ტაქტიკური შეცდომა დაუშვა, რამდენადაც ამ ნაბიჯით მან ფაქტობრივად გახსნა „ბრძოლის ველის“ ისეთი ფორმატი, სადაც საკუთარი ქმედებების სრული რევიზია დადგა დღის წესრიგში.
“ძნელი გასათვლელი არ იყო, რომ ნათია ჯანაშიას ამ ქმედებას უკუქმედება მოჰყვებოდა ინვესტორის მხრიდან - იგი შესაგებელი სარჩელით უპასუხებდა. ასეც მოხდა და ახლა უკვე თავად ნათია ჯანაშია აღმოჩნდა პარტნიორობიდან გარიცხვის რეალური საფრთხის წინაშე.
სადღეისოდ არსებული ფაქტობრივი გარემოებებისა და ზოგადად, ამ დავის პროცესის დინამიკის ანალიზი იძლევა იმის თქმის საფუძველს, რომ კომპანიის სადამფუძნებლო სტრუქტურა აუცილებლად შეიცვლება, ხოლო ეს დავა, დიდი ალბათობით, ნათია ჯანაშიას პარტნიორობიდან გარიცხვით დასრულდება”, - ამბობს ანალიტიკოსი.
მისი თქმით, მოსალოდნელია, რომ სასამართლოზე, რომელზეც პარტნიორობიდან გარიცხვის საკითხი განიხილება, ინვესტორის მხრიდან, წარდგენილი იქნება ის მიზეზები, რაც ამ მოთხოვნას განაპირობებს. ანალიტიკოსი ამ მიზეზებზეც საუბრობს. მისი მოსაზრებით, ესენია: პარტნიორული ეთიკის დარღვევის ფაქტები, კომპანიის ინტერესების საზიანოდ შეგნებული ქმედების ფაქტები, მიმდინარე საგამოძიებო პროცესი და ამასთან, დღემდე პასუხგაუცემელია აუდიტის მიერ გამოვლენილი მილიონობით აშშ დოლარის მოცულობის სავარაუდო გაფლანგვასა და შესაძლო მითვისების შესახებ დასმული კითხვები. ასევე, ნაკისრი პარტნიორული ვალდებულებების არშესრულება, კომპანიის საწარმოო და იურიდიული ფუნქციობისთვის ხელის შეშლისა და მართვის პროცესის ბლოკირების მცდელობები. ამ სიაში იქნება იდენტური კონკურენტული ბიზნესის წამოწყების მცდელობა და კომპანიისთვის პერმანენტული რეპუტაციული ზიანის მიყენების ფაქტები.
“სასამართლო პრაქტიკა კი ცხადჰყოფს, რომ როცა კომპანიის გამართულ ფუნქციობას პარტნიორის მხრიდან რეალური საფრთხე ემუქრება, როგორც წესი, მისი გარიცხვის გადაწყვეტილება ერთადერთ ჯანსაღ სამართლებრივ გამოსავლად რჩება. ამ კონკრეტულ შემთხვევაში კი სახეზე მრავლად არის ნათია ჯანაშიას მხრიდან კომპანიის გამართული ფუნქციობისთვის ხელის შეშლის ფაქტები, რაც განაპირობებს კიდეც მისთვის “ბუმერანგის ეფექტს”, ანუ პარტნიორობიდან გარიცხვას”, - აცხადებს გიორგი ცუცქირიძე.