ყაზახეთის სოფლის მეურნეობის სამინისტრომ ხორბლის იმპორტზე დროებითი აკრძალვა შემოიღო. შეზღუდვა ექვსი თვის განმავლობაში იმოქმედებს და ძალაში 2026 წლის 27 ივლისიდან შევა. გადაწყვეტილება შეეხება როგორც ევრაზიული ეკონომიკური კავშირის წევრი ქვეყნებიდან, ისე სხვა სახელმწიფოებიდან ხორბლის სახმელეთო, სარკინიგზო და საზღვაო გზით შემოტანას.
ყაზახური მედიის ინფორმაციით, აკრძალვის მთავარი მიზეზი იაფი რუსული ხორბლის დიდი მოცულობით შემოდინების შეზღუდვაა, რაც ადგილობრივ მწარმოებლებზე ზეწოლას ზრდის და ბაზარზე ჭარბი მიწოდების რისკს ქმნის.
ამასთან, ახალი რეგულაცია გარკვეულ გამონაკლისებს ითვალისწინებს. სარკინიგზო გზით ხორბლის იმპორტი დაშვებული იქნება მეფრინველეობის საწარმოებისთვის, მარცვლეულის გადამმუშავებელი კომპანიებისთვის, ლიცენზირებული ელევატორებისა და სახელმწიფო ორგანიზაცია „სასურსათო საკონტრაქტო კორპორაციის“ საჭიროებებისთვის. თუმცა, ასეთი იმპორტირებული ხორბლის გაყიდვა როგორც ქვეყნის შიგნით, ისე უცხოურ ბაზრებზე აკრძალული იქნება.
შეზღუდვა არ შეეხება ყაზახეთის ტერიტორიის გავლით განხორციელებულ სატრანზიტო სარკინიგზო გადაზიდვებს და ასევე ევრაზიული ეკონომიკური კავშირის ქვეყნებს შორის მარცვლეულის გადაადგილებას, თუ ის ყაზახეთის გავლით ხორციელდება.
მედიის ცნობით, ბოლო წლებში ყაზახეთის ხორბლის იმპორტის მთავარი წყარო რუსეთი იყო. დაბალი ფასისა და მიწოდების დიდი მოცულობის გამო, რუსული ხორბალი ადგილობრივ ფერმერებს კონკურენციას უწევდა და ქვეყნის შიდა ბაზარზე ფასებსა და მიწოდების ბალანსზე გავლენას ახდენდა.
ყაზახეთი მსოფლიოში ხორბლისა და ფქვილის ერთ-ერთი მსხვილი ექსპორტიორია. ხელისუფლების მიზანია, ადგილობრივი მოსავლის რეალიზაციას ხელი შეუწყოს და მარცვლეულის გადამმუშავებელი სექტორის სტაბილურობა შეინარჩუნოს. მსგავსი შეზღუდვები რუსული ხორბლის იმპორტზე ქვეყანას წარსულშიც დაუწესებია, რათა შიდა წარმოება დაეცვა.