საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტო (GCCA), საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსთან გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში, საჯარო სკოლებში საინფორმაციო-საგანმანათლებლო შეხვედრების ახალ ეტაპს იწყებს.

GCCA-ის სასწავლო-კვლევითი ცენტრის წარმომადგენლები, მიმდინარე სასწავლო წლის პირველი სემსტრის გეგმის ფარგლებში, თბილისისა და რეგიონების 25 საჯარო სკოლას ეწვევიან. მოსწავლეები გაეცნობიან მომხმარებლის ძირითად უფლებებსა და დაცვის მექანიზმებს, კონკურენციის პოლიტიკის პრინციპებსა და სააგენტოს საქმიანობას. განხილული იქნება პრაქტიკული მაგალითები და მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები, შეხვედრები კი ინტერაქტიულ, კითხვა-პასუხის ფორმატში გაიმართება.

საჯარო სკოლებში საინფორმაციო-საგანმანათლებლო ღონისძიებების განხორციელება GCCA-სა და საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს შორის გაფორმებული მემორანდუმით გათვალისწინებული თანამშრომლობის ერთ-ერთი მიმართულებაა. თანამშრომლობის მიზანია კონკურენციისა და მომხმარებლის უფლებების დაცვის საკითხებზე ახალგაზრდების ცნობიერების ამაღლება და შესაბამისი ცოდნის ხელმისაწვდომობის გაზრდა.

გარდა თბილისისა, შეხვედრები გაიმართება შემდეგ რეგიონებში: კახეთი, ქვემო ქართლი, შიდა ქართლი, სამცხე-ჯავახეთი, სამეგრელო - ზემო სვანეთი.

GCCA-სა და განათლების სამინისტროს თანამშრომლობის ფარგლებში, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა მოწყვლად ჯგუფებს, მათ შორის ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელ მოსწავლეებსა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს, რათა კონკურენციისა და მომხმარებლის უფლებების შესახებ საინფორმაციო-საგანმანათლებლო რესურსები და შესაძლებლობები მათთვისაც თანაბრად ხელმისაწვდომი იყოს.

საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს სასწავლო-კვლევითი ცენტრის წარმომადგენლებმა თბილისსა და რეგიონებში, საჯარო სკოლების მოსწავლეებთან, გასულ წელს, სასწავლო წლის განმავლობაში, 1500-მდე მოსწავლის მონაწილეობით, 51 საინფორმაციო-საგანმანათლებლო ხასიათის შეხვედრა გამართეს.

ინფორმაციას GCCA ავრცელებს