დოჰა, 2026 წლის 28 სექტემბერი — აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკმა (AIIB) და საქართველოს მთავრობამ ხელი მოაწერეს 158.42 მილიონი ევროს (დაახლოებით 182 მილიონი აშშ დოლარის) ოდენობის დაფინანსების შეთანხმებას „ტრანსკასპიური სატრანსპორტო დერეფანი – საქართველოს მისაწვდომობისა და ტრანსპორტის გაუმჯობესების პროექტის“ განხორციელების მიზნით. პროექტი გააუმჯობესებს უსაფრთხო, ეფექტიან და კლიმატური ცვლილებებისადმი მდგრად საგზაო კავშირებს საქართველოს კახეთის რეგიონში და ამავდროულად გააძლიერებს კავშირებს ეროვნულ და ტრანსსასაზღვრო სავაჭრო დერეფნებთან.

ინვესტიცია ითვალისწინებს აღმოსავლეთ საქართველოში 67.4 კილომეტრის სიგრძის კლიმატური ცვლილებებისადმი მდგრადი საგზაო ინფრასტრუქტურის დაფინანსებას, მათ შორის ბადიაურსა და ბაკურციხეს შორის ორი ახალი, ოთხზოლიანი მონაკვეთისა და 36.6 კილომეტრის სიგრძის გურჯაანი–თელავის მონაკვეთის მშენებლობას. აზერბაიჯანის საზღვარს, აღმოსავლეთ-დასავლეთის მაგისტრალსა და შავი ზღვის პორტებს შორის სატრანსპორტო კავშირების გაუმჯობესებით, პროექტი გააძლიერებს საქართველოს შიდა და რეგიონულ სატრანსპორტო კავშირებს და განამტკიცებს ქვეყნის როლს ტრანსკასპიური სატრანსპორტო დერეფნის ფარგლებში. შეფასების თანახმად 900 000-ზე მეტი ადამიანი პირდაპირ ისარგებლებს უფრო უსაფრთხო და საიმედო გადაადგილებით, მგზავრობის დროის შემცირებითა და ბაზრებზე, სერვისებსა და სავაჭრო დერეფნებზე გაუმჯობესებული წვდომით.

„AIIB ხელს უწყობს უფრო მჭიდროდ დაკავშირებული, საიმედო და მდგრადი დერეფნების განვითარებას კრიტიკულად მნიშვნელოვან მონაკვეთებში მიზნობრივი ინვესტიციების განხორციელების გზით“ — განაცხადა კონსტანტინ ლიმიტოვსკიმ, აზიის ინფრასტრუქტურის ინვესტიციების ბანკის (AIIB) საჯარო სექტორის (რეგიონი 2) და პროექტებისა და კორპორაციული კლიენტების დაფინანსების (გლობალური) მიმართულების მთავარმა საინვესტიციო ოფიცერმა კონსტანტინ ლიმიტოვსკიმ.  „აღნიშნული ინვესტიცია მხარს უჭერს ტრანსკასპიურ სატრანსპორტო დერეფანს და ხელს უწყობს აზიასა და ევროპას შორის უფრო ეფექტიან და მდგრად სატრანსპორტო კავშირების ჩამოყალიბებას.”

პროექტი ასევე ითვალისწინებს ეროვნული საავტომობილო მაგისტრალების მართვის ცენტრისა და ინტელექტუალური სატრანსპორტო სისტემის მხარდაჭერას, კლიმატურ ფაქტორებზე დაფუძნებული საგზაო მართვისა და დაგეგმვის გაძლიერებას და სამომავლო სატრანსპორტო ინვესტიციებისთვის ანალიტიკური მხარდაჭერის უზრუნველყოფას. ამასთან, პროექტი ხელს შეუწყობს კახეთში სოფლად მცხოვრები ქალ მეწარმეებს, რაც ადგილობრივ თემებს საშუალებას მისცემს უშუალოდ ისარგებლონ გაუმჯობესებული სატრანსპორტო კავშირებით შექმნილი ეკონომიკური შესაძლებლობებით.

„AIIB-თან გაფორმებული შეთანხმება «შუა დერეფნის» ეფექტიანობის გაზრდისკენ გადადგმული კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯია და ხელს შეუწყობს საქართველოს სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის განვითარებას“, — განაცხადა საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა. „მსურს მადლობა გადავუხადო AIIB-ს მხარდაჭერისა და თანამშრომლობისთვის. იმედი მაქვს, რომ ჩვენი ორმხრივი პარტნიორობა მომავალშიც აქტიურად განვითარდება “.

შეთანხმებას ხელი მოეწერა კატარის დედაქალაქ დოჰაში, AIIB-ის მე-11 წლიური შეხვედრის ფარგლებში. პროექტი ხორციელდება მსოფლიო ბანკთან, როგორც წამყვან თანადამფინანსებელთან, თანადაფინანსებით, ხოლო მისი სავარაუდო ჯამური ღირებულება 362.14 მილიონ აშშ დოლარს შეადგენს.

AIIB-ის თემატურ პრიორიტეტების შესაბამისად როგორებიცაა  მწვანე ინფრასტრუქტურა, კავშირები და რეგიონალური თანამშრომლობა  და ტექნოლოგიებზე დაფუძნებული ინფრასტრუქტურა, პროექტი აერთიანებს კლიმატური ცვლილებებისადმი მდგრად ინფრასტრუქტურას, საგზაო მართვის ციფრულ სისტემებსა და კლიმატურ ფაქტორებზე დაფუძნებულ დაგეგმვას, რაც ხელს შეუწყობს უფრო უსაფრთხო, მდგრადი და ურთიერთდაკავშირებული სატრანსპორტო ქსელის განვითარებას.

საქართველო AIIB-ის წევრია 2017 წლიდან. აღნიშნული პროექტის განხორციელების შედეგად, AIIB-ის საქართველოში არსებული საინვესტიციო პორტფელი ცხრა პროექტამდე გაიზრდება, რომელთა საერთო ღირებულება დაახლოებით 848.6 მილიონი აშშ დოლარის ეკვივალენტს შეადგენს. პორტფელი მოიცავს სხვადასხვა სექტორს, მათ შორის ტრანსპორტს, ჯანდაცვის ინფრასტრუქტურას, მდგრად ფინანსებს, ენერგეტიკასა და ეკონომიკურ მდგრადობას.

AIIB-ის შესახებ

აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკი (AIIB) წარმოადგენს მრავალმხრივი განვითარების ბანკს, რომელიც ორიენტირებულია „მომავლის ინფრასტრუქტურის“ დაფინანსებაზე და რომლის საქმიანობის მთავარ პრინციპს მდგრადობა წარმოადგენს. AIIB-მა ოპერირება 2016 წელს დაიწყო და ამჟამად მსოფლიოს მასშტაბით 111 დამტკიცებული წევრი ჰყავს. ბანკის კაპიტალი 100 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს, ხოლო საერთაშორისო საკრედიტო რეიტინგის წამყვანი სააგენტოების მიერ მინიჭებული აქვს AAA რეიტინგი. AIIB პარტნიორებთან თანამშრომლობს კაპიტალის მობილიზებისა და ინფრასტრუქტურასა და სხვა პროდუქტიულ სექტორებში ინვესტირების მიზნით, რაც ხელს უწყობს მდგრად ეკონომიკურ განვითარებასა და აძლიერებს რეგიონალურ კავშირებს.