რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, თბილისი–სენაკი–ლესელიძის საავტომობილო გზის 26-ე კილომეტრზე, მდინარე არაგვზე ახალი ხიდის მშენებლობის ფარგლებში, თბილისის წყალმომარაგების მთავარი მაგისტრალური მილის გადაერთების სამუშაოები ჩატარდება.

სამუშაოების გამო, 26 სექტემბრის 03:00 საათიდან 27 სექტემბრის 15:00 საათამდე ცენტრალურ მაგისტრალში წყლის მიწოდება შეწყდება. შეზღუდვა დაახლოებით 36 საათის განმავლობაში 80 000-მდე აბონენტს შეეხება, მათ შორის თბილისის რამდენიმე უბანს, ქალაქ მცხეთას, ნატახტარს, წიწამურსა და წეროვანის დევნილთა დასახლებას.

როგორც სამინისტრო აღნიშნავს, ახალი მაგისტრალური მილი უკვე მოწყობილია. გადაერთების სამუშაოები რამდენიმე ლოკაციაზე, პარალელურად, უწყვეტ რეჟიმში განხორციელდება. სამუშაოების უსაფრთხოდ შესასრულებლად აუცილებელია მაგისტრალური სისტემის დაცლა.

სამუშაოების დასრულების შემდეგ ქსელის შევსება ეტაპობრივად დაიწყება, რის გამოც წყალმომარაგება სხვადასხვა ტერიტორიაზე სხვადასხვა დროს აღდგება.

ინფრასტრუქტურის სამინისტროს ცნობით, ახალი ხიდი 1970-იან წლებში აშენებული არსებული ხიდის პარალელურად შენდება და მისი ექსპლუატაციაში გაშვება მიმდინარე წელს იგეგმება.