საბანკო ასოციაცია  მიმდინარე წელს სექტორის  ორნიშნა ზრდას პროგნოზირებს. ამის მიზეზი  საკრედიტო პორტფელის დღეს არსებული  მაჩვენებელია, რომელიც დადებით დინამიკას ინარჩუნებს.  ასოციაციაში ელიან, რომ დაკრედიტების ტემპი  წლის ბოლომდე კიდევ უფრო  გააქტიურდება. რაც შეეხება 2027 წლის მოლოდინებს, სექტორში ზრდასთან დაკავშირებით პროგნოზების გაკეთება უჭირთ. ჯერჯერობით უცნობია, როგორ აისახება დაკრედიტების  ტემპზე რეგულაცია, რომლის თანახმადაც  ფიზიკური პირებისთვის  სესხის გაცემის  წესები იცვლება.

"ზაფხულის შემდეგ სტანდარტულად, გააქტიურება იყო პროგნოზირებული. წლის ბოლომდე მეტი აქტივობაა მოსალოდნელი. მომავალ წელს რეგულაციები შედის, მაგრამ დღეის მდგომარეობით ძალიან რთულია პროგნოზი, ეს სისტემურად შეანელებს აქტივობას თუ კონკრეტული ადამიანებისთვის იქნება პრობლემა სესხის აღება იმ მოცულობით, რა მოცულობითაც ენდომებათ. მომავალი წლისთვის სექტორის ზრდასთან დაკავშირებით პროგნოზის გაკეთება მიჭირს, წელს ორნიშნა ზრდა გვექნება. "-აღნიშნა ალექსანდრე ძნელაძემ. 

ცნობისთვის, საქართველოს ეროვნული ბანკი 2027 წლიდან ფიზიკური პირებისთვის სესხის აღების პირობებს ამკაცრებს. ცვლილება შეეხება სესხის მომსახურების კოეფიციენტს, ანუ PTI-ს, რომელიც განსაზღვრავს, მსესხებლის ყოველთვიური შემოსავლის რა ნაწილის გამოყენება შეიძლება სესხის მომსახურებისთვის. რეგულაცია  იმ მსესხებლებს შეეხება, რომელთა ყოველთვიური წმინდა შემოსავალი 1500-დან 2500 ლარამდეა. მათთვის დასაშვები სესხის ყოველთვიური მომსახურების მაქსიმალური მოცულობა 50%-დან 25%-მდე მცირდება.

bp.ge