კომუნიკაციების კომისიის დაკვეთით ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის კვლევის მიხედვით დადგინდა, რომ რადიოპრიორიტეტების კვლევაში მონაწილე რესპოდენტების უმრავლესობის - 42%-ის მიხედვით, ყველაზე მოთხოვნად რადიომაუწყებლის ტიპს, რომლის დამატების საჭიროებაც არსებობს, სპეციალიზებული რადიო წარმოადგენს, მაშინ, როდესაც გამოკითხულთა 37% მიიჩნევს, რომ საერთო რადიოს დამატების საჭიროება დგას. ამასთან, გამოკითხულთა თითქმის სრული უმრავლესობა - 74% თვლის, რომ რადიოები მთელი ქვეყნის ტერიტორიაზე უნდა მაუწყებლობდნენ, მხოლოდ 25% კი, რეგიონულ რადიოს ემხრობა.
აღნიშნული შედეგები კომუნიკაციების კომისიის რადიომაუწყებლობის პრიორიტეტების კვლევის ფარგლებში გამოვლინდა, რომლის საფუძველზეც, ComCom-მა რადიომაუწყებლობის პრიორიტეტები დაამტკიცა. რადიომაუწყებლობის პრიორიტეტები საქართველოს მასშტაბით, 30 სამაუწყებლო ზონაში განისაზღვრა. კომუნიკაციების კომისია რადიომაუწყებლობის ლიცენზიების მოსაპოვებლად კონკურსებს დამტკიცებული პრიორიტეტების გათვალისწინებით გამოაცხადებს.
კვლევის მიხედვით დადგინდა, რომ რადიოს შერჩევის ყველაზე მნიშვნელოვან ფაქტორებს მომხმარებლებისთვის მუსიკა და საინფორმაციო გადაცემები წარმოადგენს. კერძოდ, მუსიკას ყოველდღიურად გამოკითხულთა 78% უსმენს, ახალ ამბებს კი - 52%. 25% აცხადებს, რომ ისინი სპორტულ გადაცემებს ანიჭებენ უპირატესობას, 13%-ისთვის კი სამედიცინო შინაარსის გადაცემებია მნიშვნელოვანი.
ამასთან ერთად, გამოკითხული რესპოდენტების შეფასებით, რადიოს დაჭერის ხარისხი მთლიანობაში კარგია, თუმცა, დაჭერასთან დაკავშირებული ხარვეზები მაინც არსებობს და ამ ტიპის პრობლემას ძირითადად შორ დისტანციაზე, ცენტრალურ მაგისტრალზე ან მაღალმთიან რეგიონში გადაადგილებისას ხვდებიან. კვლევის მონაწილეების აზრით, ქართულ რადიო სივრცეში იდენტიფიცირებული საჭიროებები უმეტესად გადაცემების შინაარსს და რადიოს ხელმისაწვდომობის ტექნიკურ მხარეს ეხება.
საზოგადოებრივი აზრის კვლევის ფარგლებში, რომელშიც 30 სამაუწყებლო ზონიდან, პროპორციულობის დაცვით, 4200-მდე პირი მონაწილეობდა, ყურადღება გამახვილებული იყო საზოგადოების დამოკიდებულებასა და მოთხოვნაზე როგორც კერძო სპეციალიზებული რადიომაუწყებლობის, ისე კერძო საერთო რადიომაუწყებლობის თემატიკისადმი. გამოკითხვა ასევე მოიცავდა თემატიკის და ჟანრების მოთხოვნის და ადგილობრივ რადიოებზე ხელმისაწვდომობის, რაოდენობისა და მათი დაფარვის ხარისხის შესახებ ინფორმაციას.
ინფორმაციას ComCom ავრცელებს.