საქართველოს მაღალმთიანი კურორტი მესტია საერთაშორისო გამოცემა Time Out-ის 2027 წელს მოსანახულებელი მიმართულებების რეიტინგში მეორე პოზიციას იკავებს.
გამოცემა მესტიას გამორჩეული ბუნებრივი პეიზაჟების, სალაშქრო მარშრუტებისა და შედარებით მცირე ტურისტული ნაკადის გამო გამოარჩევს და მოგზაურებს ურჩევს, რეგიონს პოპულარულ ტურისტულ მიმართულებად ქცევამდე ეწვიონ.
„ლაშქრობის ერთ-ერთი უდიდესი სიამოვნებაა იგრძნო თავი ისე, თითქოს კილომეტრების მანძილზე ერთადერთი ადამიანი ხარ - მესტიის მთებში კი ეს შესაძლოა რეალობაც იყოს“, - წერს Time Out.
გამოცემის შეფასებით, მესტიას წელიწადში 100 ათასზე ნაკლები ვიზიტორი სტუმრობს, მაშინ როდესაც ალპების რეგიონი ყოველწლიურად დაახლოებით 120 მილიონ ტურისტს მასპინძლობს. სტატიის თანახმად, ახალი ინფრასტრუქტურა და აეროპორტი მესტიას ტურისტულ ცენტრად ჩამოყალიბების შესაძლებლობას აძლევს.
Time Out-ის რეიტინგში მესტისთან ერთად სხვა საერთაშორისო მიმართულებებიც მოხვდა, მათ შორის კენიის სამბურუს ეროვნული ნაკრძალი, კანადის უაითჰორსი და ლატვიის ქალაქი ლიეპაია.