სახელმწიფო წყალტუბოში მდებარე 10 ყოფილი სანატორიუმის პრივატიზებას ხელახლა ცდილობს. სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მიერ გამოცხადებული აუქციონების მიხედვით, ობიექტების ჯამური საწყისი ფასი 49.2 მლნ ლარია, ხოლო გამარჯვებულებმა მათ განვითარებაში, დღგ-ის გარეშე, არანაკლებ 314.013 მლნ ლარის ინვესტიცია უნდა განახორციელონ.

აუქციონები 20 ოქტომბერს გამოცხადდა და 15 ნოემბერს დასრულდება. საინვესტიციო ვალდებულებების შესასრულებლად მყიდველებს ხელშეკრულების გაფორმებიდან ხუთი წელი ექნებათ.

პრივატიზების პირობები სანატორიუმების ტერიტორიებზე სასტუმროების, სარეაბილიტაციო და დიაგნოსტიკური ცენტრებისა თუ აპარტამენტების მოწყობას ითვალისწინებს. რამდენიმე ობიექტზე სავალდებულოა საერთაშორისო სასტუმროების ქსელის ოპერატორის ან ბრენდის ჩართულობა.

სანატორიუმების საწყისი ფასები და საინვესტიციო ვალდებულებები

  • „მეგობრობა“ — საწყისი ფასი 8.8 მლნ ლარი; ინვესტიცია — მინიმუმ 26.021 მლნ ლარი. უნდა მოეწყოს 100 საწოლზე გათვლილი დიაგნოსტიკური და სარეაბილიტაციო ცენტრი.

  • „მედეა“ — 8.5 მლნ ლარი; ინვესტიცია — მინიმუმ 61.935 მლნ ლარი. გათვალისწინებულია 120-ნომრიანი სასტუმრო.

  • „რკინიგზელი“ — 6.6 მლნ ლარი; ინვესტიცია — მინიმუმ 42.377 მლნ ლარი. უნდა გაიხსნას 120-ნომრიანი სასტუმრო.

  • „იმერეთი“ — 4.6 მლნ ლარი; ინვესტიცია — მინიმუმ 52.042 მლნ ლარი. დაგეგმილია 80-ნომრიანი სასტუმრო.

  • „ინტურისტი“ — 4.2 მლნ ლარი; ინვესტიცია — მინიმუმ 31.106 მლნ ლარი. უნდა მოეწყოს 100-ნომრიანი სასტუმრო.

  • „ფილიალი“ — 4 მლნ ლარი; ინვესტიცია — მინიმუმ 20.917 მლნ ლარი. გათვალისწინებულია 110-ნომრიანი სასტუმრო.

  • „აია“ — 3.7 მლნ ლარი; ინვესტიცია — მინიმუმ 14.379 მლნ ლარი. უნდა შეიქმნას მინიმუმ 250 აპარტამენტი ან შესაბამისი რაოდენობის სასტუმრო ნომრები და აპარტამენტები.

  • „სავანე“ — 3.5 მლნ ლარი; ინვესტიცია — მინიმუმ 35.314 მლნ ლარი. უნდა აშენდეს 100-ნომრიანი სასტუმრო.

  • „გელათი“ — 2.8 მლნ ლარი; ინვესტიცია — მინიმუმ 19.015 მლნ ლარი. დაგეგმილია 100-ნომრიანი სასტუმრო.

  • „გეოლოგი“ — 2.5 მლნ ლარი; ინვესტიცია — მინიმუმ 10.907 მლნ ლარი. უნდა მოეწყოს 90-ნომრიანი სასტუმრო.

სანატორიუმების ნაწილს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი აქვს ან ისინი შესაბამის დამცავ ზონებში მდებარეობს. რამდენიმე ობიექტის შენობებს ფიზიკური პირები დოკუმენტაციის გარეშე იყენებენ, ტერიტორიების ნაწილზე კი სერვიტუტის უფლებები ვრცელდება. ამასთან, სააგენტოს ინფორმაციით, ზოგიერთი შენობა დაზიანებულია და რეაბილიტაციას საჭიროებს.

აუქციონში გამარჯვებულებმა ხელშეკრულების გაფორმებამდე საინვესტიციო ვალდებულების მინიმუმ 10%-ის ოდენობის უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია უნდა წარადგინონ. ქონების ღირებულება აუქციონის დასრულებიდან არაუგვიანეს ორი თვისა უნდა გადაიხადონ.

რა ეტაპზეა „წყალტუბოს ახალი სიცოცხლე“?

წყალტუბოს კურორტის აღორძინების პროექტი 2019 წელს დაანონსდა. მაშინდელმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, რომ პროექტის ფარგლებში 22 სასტუმროსა და ცხრა აბანოს გამოსყიდვა და რეაბილიტაცია იგეგმებოდა.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს პროექტი „წყალტუბოს ახალი სიცოცხლე“ 2022 წელს დაიწყო. თავდაპირველად, ბიზნესს 14 ყოფილი სანატორიუმი შესთავაზეს, რომელთა ჯამური საწყისი ღირებულება 50 მლნ ლარი იყო.

პროექტის ფარგლებში შვიდი სანატორიუმი გაიყიდა, თუმცა სამი მათგანი სახელმწიფოს დაუბრუნდა. ამჟამად პრივატიზებულია „თბილისი“, „უშიშროება“, „წყალტუბო“ და „სამგურალი“, რომელთა ჯამურმა საპრივატიზებო ღირებულებამ 16.265 მლნ ლარი შეადგინა.

ახალი აუქციონებით სახელმწიფო ცდილობს, წყალტუბოს ყოფილი სანატორიუმების განვითარებაში კერძო ინვესტიციები მოიზიდოს და კურორტის ტურისტული ინფრასტრუქტურა განაახლოს.