SpaceX-ის დამფუძნებელმა ილონ მასკმა სოციალურ ქსელ X-ზე დაწერა, რომ უკრაინის სამხედრო ძალებმა Starlink-ის მომსახურების პირობები დაარღვიეს. მასკის განმარტებით, Starlink არის სამოქალაქო კომერციული სერვისი და სამხედრო იერიშების მიზნით მისი გამოყენება დაუშვებელია.
"Starlink-ის - სამოქალაქო კომერციული სერვისის - დრონებით შეტევითი იერიშებისთვის, ადამიანების დასახოცად, გამოყენება არასოდეს ყოფილა ნებადართული და არც უნდა იყოს.
Starshield-ს, რომელიც სრულიად განსხვავებული სისტემაა, აშშ-ს მთავრობა აკონტროლებს. რას გადაწყვეტენ, ეს მათი საქმეა.
უკრაინის სამხედრო ძალებმა Starlink-ის მომსახურების პირობები დაარღვიეს და ის დრონებით შესრულებული შეტევითი დარტყმებისთვის ადამიანების დასახოცად გამოიყენეს. ეს ხარვეზი გასულ კვირას აღმოიფხვრა". - აღნიშნა მასკმა.
მისი თქმით, Starlink-ს კრიტიკული მნიშვნელობა აქვს უკრაინის ფრონტის ხაზისათვის და ის ერთადერთი სისტემაა, რომლის ჩახშობაც რუსეთმა ვერ მოახერხა.
"Starlink კვლავაც კრიტიკულად მნიშვნელოვანია უკრაინის თავდაცვისთვის, ვინაიდან ის ერთადერთი სისტემაა, რომლის ჩახშობა ან აფეთქებაც შეუძლებელია, ჯერჯერობით ამ ეტაპზემაინც. Starlink რომ გაითიშოს, უკრაინის ფრონტის ხაზი მყისიერად ჩამოიშლება. ეს მუქარა არ არის, ეს უბრალოდ ფაქტის კონსტატაციაა.
Starlink გადამწყვეტი აღმოჩნდა ომის პირველ დღეებში რუსეთის მიერ უკრაინის დაპყრობის აღსაკვეთადაც, რადგან ყველა სხვა საკომუნიკაციო საშუალება რუსეთმა გაანადგურა ან ჩაახშო.
უკრაინის დასაცავად SpaceX-მა დედამიწაზე არსებულ ნებისმიერ კერძო კომპანიაზე ბევრად მეტი გააკეთა." - დაწერა მასკმა X-ზე.
ცნობისთვის, უკრაინის თავდაცვის მინისტრის, ევჰენიი ხმარას განცხადებით, Starlink-ზე მანამდე მოქმედი სიჩქარის შეზღუდვა მოიხსნა – ტერმინალები საათში 400 კილომეტრზე სწრაფად გადაადგილებისასაც სტაბილურ კავშირს ინარჩუნებენ.
სისტემის მუშაობაში შეზღუდვების შესახებ ცნობები ოქტომბრის შუა რიცხვებში გავრცელდა. Starlink-ზე შეზღუდვა გადაადგილების სიჩქარეს ეხებოდა, რის გამოც საათში დაახლოებით 161 კილომეტრზე სწრაფად მოძრაობისას ტერმინალები სატელიტურ ქსელთან კავშირს კარგავდნენ. ამან უკრაინისთვის როგორც მოიერიშე დრონების გამოყენება, ისე რუსული დრონების ჩამოგდება გაართულა.
მანამდე გამოცემა Wall Street Journal წერდა, რომ აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა 21 ოქტომბერს ილონ მასკს დაურეკა და უკრაინისთვის Starshield-ის მომსახურების აღდგენა სთხოვა.