სიდნეის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის მკვლევრებმა ხელოვნური ინტელექტის ახალი მოდელი შეიმუშავეს, რომელსაც ადამიანის დნმ-ის ანალიზით იშემიური ინსულტის გენეტიკური რისკის შეფასება შეუძლია. მოდელი ე.წ. ტრანსფორმერულ ტექნოლოგიას იყენებს — იმავე ტიპის არქიტექტურას, რომელსაც ChatGPT-ის მსგავსი დიდი ენობრივი მოდელებიც ეფუძნება.
კვლევის ფარგლებში მეცნიერებმა ინსულტთან დაკავშირებული 18 გენეტიკური ვარიანტი გამოავლინეს. მოდელი ორ დიდ მონაცემთა ბაზაზე, ჯამში 40 000-ზე მეტი ადამიანის მონაცემებით შეამოწმეს. მაღალი გენეტიკური რისკის ჯგუფში მოხვედრილ ადამიანებს შემდგომ პერიოდში პირველი იშემიური ინსულტის განვითარების დაახლოებით 21%-ით მაღალი რისკი ჰქონდათ დაბალი რისკის ჯგუფთან შედარებით.
მკვლევრების განმარტებით, ტრადიციული გენეტიკური შეფასების მეთოდებისგან განსხვავებით, ახალი მოდელი გენეტიკური ვარიანტების ურთიერთქმედებასა და დნმ-ში მათ მდებარეობასაც ითვალისწინებს. სამომავლოდ იგეგმება ისეთი სისტემის შექმნა, რომელიც გენეტიკურ მონაცემებთან ერთად ადამიანის ჯანმრთელობის, ცხოვრების წესისა და სხვა კლინიკურ ინფორმაციასაც გააანალიზებს.