საფრანგეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელი, ზინედინ ზიდანი „ოქროს ბურთის“ დაჯილდოებაზე საკლუბო და სანაკრებო ჯილდოების გამიჯვნის ინიციატივით გამოვიდა. ამის შესახებ ფრანგმა ლეგენდამ ლონდონში გამართული დაჯილდოების შემდეგ განაცხდა.

„ორგანიზატორები გადაწყვეტილებებში უფრო თანმიმდევრულები უნდა იყვნენ. მაგალითად, ახალგაზრდა ფეხბურთელისთვის განკუთვნილი „კოპას თასი“, ლა ლიგაში თამაშიდან გამომდინარე, პაუ კუბარსის ნაცვლად, ლამინ იამალს გადასცეს, ხოლო საუკეთესო მეკარედ, დავიდ რაიას ნაცვლად, უნაი სიმონი დაასახელეს, ამ შემთხვევაში მსოფლიო ჩემპიონატის შედეგები გაითვალისწინეს და ყურადღების გარეშე დატოვეს საკლუბო სეზონი. გერდ მიულერის სახელობის ჯილდოს, ჩემი აზრით, მბაპე უფრო იმსახურებდა – კილიანი ჩემპიონთა ლიგისა და მსოფლიო ჩემპიონატის ბომბარდირი გახდა.

გარდა ამისა, წლის საუკეთესო კლუბად „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგაში წარმატების გამო დაასახელეს, ხოლო წლის მწვრთნელის კატეგორიაში უპირატესობა ესპანეთის ნაკრების მწვრთნელს, ლუის დე ლა ფუენტეს მიანიჭეს, ვინც წარმატებას ეროვნული ნაკრების დონეზე მიაღწია.

მაშ, ​​რომელი კრიტერიუმებია მნიშვნელოვანი? ეროვნულ ჩემპიონატებში გამოსვლა, ჩემპიონთა ლიგაში მიღწეული წარმატება თუ სანაკრებო ტურნირების შედეგები? თუ ორგანიზატორებს არ შეუძლიათ ყველა კატეგორიაში ერთიანი სტანდარტის დაცვა, მაშინ საკლუბო და სანაკრებო ჯილდოები უნდა გამიჯნონ.

მოთამაშეები და მწვრთნელები აღიარებას მკაფიო და სამართლიანი კრიტერიუმებით იმსახურებენ და არა ისეთი წესების საფუძველზე, რომლებიც, როგორც ჩანს, ნომინაციების მიხედვით იცვლება. ვფიქრობ, „ოქროს ბურთს“ რეფორმა სჭირდება“, – ამბობს ზინედინ ზიდანი.

პირველი არხი