ჯანდაცვის სამინისტროს მართვაში არსებულ სამედიცინო დაწესებულებებში ფინანსური და მმართველობითი პრობლემები იკვეთება, — ამის შესახებ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანგარიშშია აღნიშნული, რომელიც სახელმწიფო საწარმოების მართვის ეფექტიანობას აფასებს.
აუდიტის მიხედვით, სამედიცინო დაწესებულებების ნაწილს უარყოფითი ფინანსური შედეგები აქვს, მათ შორის იმ შემთხვევებშიც, როდესაც ისინი სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდებიან. ამასთან, სამინისტრომ ვერ წარმოადგინა საკმარისი მტკიცებულებები, რომ სამედიცინო საწარმოებში აქციონერის უფლებამოსილებებს სათანადოდ ახორციელებდა.
ანგარიშში ყურადღება გამახვილებულია სამედიცინო ჰოლდინგზეც. აუდიტის თანახმად, ჰოლდინგს კლინიკების მართვის ერთიანი სტრატეგია და სამოქმედო გეგმა არ ჰქონდა. ასევე, ვერ წარმოადგინა სათანადო ანგარიშები, რომლებიც დაადასტურებდა, რომ კლინიკების საქმიანობის მონიტორინგი, კონტროლი და შეფასება სათანადოდ ხორციელდებოდა.
აუდიტის სამსახური მიუთითებს, რომ არ იკვეთება სამედიცინო დაწესებულებების მართვის სხვადასხვა მოდელის გამოყენების მკაფიო ხედვაც. აღნიშნული გარემოებები ართულებს იმის შეფასებას, რამდენად ეფექტიანად იმართება სახელმწიფო სამედიცინო საწარმოები და რამდენად შედეგიანად გამოიყენება მათთვის გამოყოფილი რესურსები.
აუდიტის რეკომენდაციებს შორისაა ჯანდაცვის სექტორში სახელმწიფო სამედიცინო დაწესებულებების მართვის მოდელის გადახედვა და კონტროლისა და მონიტორინგის მექანიზმების გაუმჯობესება.