კვლევითი ინსტიტუტის Deutsche Bank Research-ის ანგარიშის Mapping the World’s Prices 2026 მიხედვით, ევროპაში პაემნისა და მასთან დაკავშირებული ხარჯები ქალაქების მიხედვით მნიშვნელოვნად განსხვავდება. თუმცა, თუ ფასებს ადგილობრივ ხელფასებს შევადარებთ, ყველაზე ძვირ ქალაქებში ცხოვრება ყოველთვის ყველაზე დიდ ფინანსურ დატვირთვას არ ნიშნავს.
კვლევაში „პაემნის ღირებულება“ მოიცავს არა მხოლოდ რესტორანში ორ ადამიანზე სადილს, ორ ყავას და კინოს ორ ბილეთს, არამედ ღვინის ბოთლს, ჯინსს, კაბას, საზოგადოებრივი ტრანსპორტის ორ ბილეთსა და ტაქსით მგზავრობასაც. ფასები Numbeo-ს პლატფორმიდანაა აღებული, სადაც მონაცემებს მომხმარებლები თავად ამატებენ.
ევროპის რომელ ქალაქებშია პაემანი ყველაზე ძვირი და იაფი?
-
ყველაზე ძვირი: ჟენევა — 407 ევრო; ციურიხი — 400 ევრო.
-
ყველაზე იაფი: სტამბოლი — 168 ევრო.
-
საშუალო ღირებულება ევროპის 28 ქალაქშია: 270 ევრო.
სხვა ცნობილი ქალაქების მაჩვენებლები კი ასეთია: ლონდონი — 317 ევრო, ოსლო და კოპენჰაგენი — 323-323 ევრო, პარიზი — 279 ევრო, მილანი — 278 ევრო, მიუნხენი — 260 ევრო, მადრიდი — 219 ევრო, ბარსელონა — 213 ევრო, რომი — 195 ევრო.
ხელფასის გათვალისწინებით სურათი იცვლება
შვეიცარიის ქალაქებში პაემნის ღირებულება ყველაზე მაღალია, თუმცა მაღალი ხელფასების გამო ეს ხარჯი შემოსავლის შედარებით მცირე ნაწილს შეადგენს: ციურიხში — თვიური ხელფასის 5.6%-ს, ჟენევაში — 6.4%-ს.
საპირისპირო ვითარებაა სამხრეთ და ცენტრალური ევროპის ზოგიერთ ქალაქში. ათენში პაემნის ღირებულება 222 ევროა, მაგრამ საშუალო თვიური ხელფასის 19.6%-ს შეადგენს — ეს ყველაზე მაღალი მაჩვენებელია ევროპის 28 ქალაქს შორის. სტამბოლში ეს წილი 16.7%-ია, ლისაბონში — 16.3%, ბუდაპეშტში კი — 15.6%.