საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ ინვესტიციების სააგენტოს თავმჯდომარე მიხეილ ხიდურელი საქართველოში BPO (ბიზნესპროცესების აუთსორსინგის) სექტორის საერთაშორისო კომპანიების საინვესტიციო ტურს აჯამებს. ტურის მიზანი საერთაშორისო კომპანიებისთვის საქართველოს საინვესტიციო გარემოს გაცნობა და ქვეყანაში საქმიანობის დაწყებისა და გაფართოების შესაძლებლობების წარდგენა იყო.

მისი თქმით, საინვესტიციო ტურმა საერთაშორისო კომპანიებს საქართველოს ბიზნესგარემოს ადგილზე გაცნობის შესაძლებლობა მისცა, ერთ-ერთმა მონაწილე კომპანიამ კი საქართველოში საქმიანობის დაწყების გადაწყვეტილება მიიღო.

„ინვესტიციების სააგენტოს ორგანიზებით, BPO სექტორის 12 საერთაშორისო კომპანიას ვუმასპინძლეთ. ტურის მიმდინარეობისას ერთ-ერთმა მონაწილე კომპანიამ საქართველოში საქმიანობის დაწყების გადაწყვეტილება მიიღო და კომპანია დაარეგისტრირა. ჩვენი მიზანია, საერთაშორისო კომპანიებს საქართველოს საინვესტიციო შესაძლებლობები გავაცნოთ, დავეხმაროთ საინვესტიციო გადაწყვეტილებების მიღებაში და ხელი შევუწყოთ მათი გეგმების განხორციელებას“, - აცხადებს მიხეილ ხიდურელი.

ვიზიტის ფარგლებში საერთაშორისო კომპანიების წარმომადგენლებმა შეხვედრები გამართეს საჯარო და კერძო სექტორის წარმომადგენლებთან, ეწვივნენ თბილისის იუსტიციის სახლს, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტსა და ტექნოლოგიურ ჰაბს. ისინი ადგილზე გაეცნენ ბიზნესის რეგისტრაციის პროცედურებს, კვალიფიციური კადრების მომზადების შესაძლებლობებსა და რეგიონებში ბიზნესის განვითარების პოტენციალს.

მიხეილ ხიდურელის განცხადებით, ინვესტიციების სააგენტო საერთაშორისო კომპანიებს საჯარო და კერძო სექტორთან კავშირების დამყარებასა და საინვესტიციო გეგმების განხორციელებაში ეხმარება.

„მსგავსი საინვესტიციო ტურის ერთ-ერთი კონკრეტული შედეგია ბრიტანული კომპანია Contactweb-ის საქართველოში შემოსვლა. კომპანიას წინა ტურის ფარგლებში ვუმასპინძლეთ, რამდენიმე თვის შემდეგ კი, სააგენტოს ჩართულობით, მან საქართველოში საქმიანობა დაიწყო. ჩვენი მიზანია, საერთაშორისო კომპანიებთან დამყარებული კავშირები რეალურ ინვესტიციებად გარდაიქმნას და ხელი შეუწყოს ახალი სამუშაო ადგილების შექმნას“, - აღნიშნავს მიხეილ ხიდურელი.

საინვესტიციო ტურში მონაწილეობდნენ კომპანიები აშშ-დან, დიდი ბრიტანეთიდან, კანადიდან, ნიდერლანდებიდან, პოლონეთიდან და ეგვიპტიდან. ტური ინვესტიციების სააგენტოს ორგანიზებით, 27-30 ოქტომბერს, თბილისსა და ქუთაისში გაიმართა.

ინფორმაციას ინვესტიციების სააგენტო ავრცელებს