საქართველოს საავტომობილო გადაზიდვების ბაზარზე სატვირთო ავტომობილების მძღოლების დეფიციტი ღრმავდება. სატრანსპორტო დერეფნის კვლევის ცენტრის (TCRC) შეფასებით, მძღოლების უცხოეთში გადინების ტენდენცია უკვე სისტემურ პრობლემად იქცა და უახლოეს წლებში ლოგისტიკურ სექტორზე მნიშვნელოვან გავლენას მოახდენს.
TCRC-ის მიერ გამოქვეყნებული ანალიტიკური მასალის მიხედვით, საერთაშორისო საავტომობილო გადაზიდვებში მძღოლების დეფიციტი გლობალური გამოწვევაა. საერთაშორისო საავტომობილო ტრანსპორტის კავშირმა (IRU) აღნიშნულ პროცესს „შენელებული დემოგრაფიული მოქმედების ნაღმი“ უწოდა, რომელიც შესაძლოა საფრთხეს შეუქმნას ქვეყნების სატრანსპორტო მდგრადობასა და ეკონომიკურ სტაბილურობას.
კვლევის ავტორების განცხადებით, მათ მიერ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ მასალას გადამზიდავი კომპანიების წარმომადგენლებისა და მძღოლების მხრიდან აქტიური გამოხმაურება მოჰყვა — სტატიამ 80 ათასზე მეტი ნახვა და 100-ზე მეტი კომენტარი დააგროვა.
კომენტარების ანალიზის შედეგად გამოიკვეთა, რომ საქართველოში სატვირთო მძღოლების დეფიციტი უკვე რამდენიმე წელია არსებობს, ხოლო პროფესიონალი კადრების უცხოეთში გადინების პროცესი შეუქცევადი ხდება.
TCRC-ის შეფასებით, ქართველი მძღოლები ქვეყნის დატოვების მთავარ მიზეზებად ასახელებენ:
-
დაბალ ანაზღაურებას;
-
მოძველებულ და გაუმართავ სატრანსპორტო საშუალებებს;
-
საზღვრებსა და გზებზე ხანგრძლივ რიგებს;
-
სატვირთო ავტომობილების უმიზეზო დაყოვნებებს;
-
სამუშაო პირობების ნაკლებობას;
-
შვებულებისა და სამედიცინო დაზღვევის არარსებობას;
-
სატვირთოების საპარკინგე ადგილებში არასათანადო სანიტარიულ პირობებს.
ერთ-ერთი გადამზიდავი კომპანიის ხელმძღვანელის განცხადებით, პრობლემას მხოლოდ მძღოლების ანაზღაურება არ ქმნის — სექტორისთვის მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება საზღვრებზე არსებული მდგომარეობა, მრავალდღიანი რიგები და დროის დაკარგვა.
„სანამ საქართველოში არ მოწესრიგდება საზღვრებთან არსებული მძიმე მდგომარეობა — ტრაილერების მრავალდღიანი რიგები, გაუთავებელი ლოდინი და გაჭედილი მოძრაობა — სატრანსპორტო სფერო კიდევ უფრო დასუსტდება. ასეთ პირობებში ადამიანები ამ საქმეს თავს დაანებებენ, კომპანიები დაიხურება და პროფესიონალი კადრები ქვეყანას დატოვებენ“, — აღნიშნავს გადამზიდავი.
მძღოლების ნაწილი პრობლემის ერთ-ერთ მთავარ მიზეზად დაბალ ხელფასსა და მძიმე სამუშაო პირობებს ასახელებს. მათი თქმით, მძღოლებს ხშირად უწევთ დღეებისა და კვირების განმავლობაში გზაში ყოფნა იმ პირობებში, როდესაც მათი შრომა სათანადოდ არ ფასდება.
გადამზიდავები ასევე საუბრობენ ინფრასტრუქტურულ პრობლემებზე — მათ შორის, საზღვრების არასაკმარის გამტარუნარიანობაზე, გზებზე ხანგრძლივ გაჩერებებზე და სატვირთოებისთვის არასაკმარის სადგომებზე.
„საზღვრებზე მძღოლი საათობით და დღეებით დგას, დროს კარგავს. საქართველოს ტერიტორიაზე კი ხშირად შეუძლებელია ტრაილერით შეუფერხებლად გადაადგილება. ასეთ პირობებში მძღოლი გრძნობს, რომ ყველაზე მარტივად დასაჩაგრი პიროვნებაა“, — აღნიშნავს ერთ-ერთი გადამზიდავი.
სექტორის წარმომადგენლები განსაკუთრებულ პრობლემად მიიჩნევენ მძღოლებისთვის სოციალური გარანტიების ნაკლებობასაც. მათი თქმით, საქართველოში ხშირად არ არსებობს ანაზღაურებადი შვებულება, სამედიცინო დაზღვევა და უსაფრთხო სამუშაო პირობები, მაშინ როცა ევროპულ ბაზარზე დასაქმებულ მძღოლებს მსგავსი გარანტიები აქვთ.
მძღოლები ასევე მიუთითებენ საპარკინგე ინფრასტრუქტურის პრობლემებზე. მათი თქმით, სასაზღვრო პუნქტებთან ხშირად არ არის ელემენტარული პირობები — მოქმედი საშხაპეები, სასადილოები და დასვენების სივრცეები.
TCRC-ის შეფასებით, თუ არსებული პრობლემები არ მოგვარდება, მძღოლების დეფიციტი საქართველოს სატრანსპორტო სექტორზე მომავალში კიდევ უფრო მძიმედ აისახება, რაც საფრთხეს შეუქმნის როგორც გადამზიდავი კომპანიების საქმიანობას, ისე ქვეყნის ლოგისტიკური მიმართულების განვითარებას.