თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი „მარცვლეულის შეთანხმების“ გახანგრძლივებას ითხოვს. ამის შესახებ თურქეთის ლიდერმა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

იგი აგვისტოში, თურქეთში, რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმირ პუტინის ვიზიტს ელოდება. 

ერდოღანის განცხადებით, „მარცვლეულის შეთანხმების“ შემდგომ გახანგრძლივებაზე აქტიური მუშაობა მიმდინარეობს. სწორედ ეს თემა იქნება დღის წესრიგის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილი პუტინთან შეხვედრაზე.

ერდოღანის თქმით, ქვეყანა კორონავირუსის პერიოდში საგრძნობლად დაზარალდა, რადგან ბევრ სფეროში წარმოებამ იკლო. თურქეთმა ამ გამოწვევას თავი გაართვა, მაგრამ რუსეთ-უკრაინის ომმა ახალი ეკონომიკური საფრთხეები შექმნა.