სომხეთიდან მარცვლეულის ექსპორტის აკრძალვა ევრაზიის ეკონომიკური კავშირის (EAEU) არაწევრ ქვეყნებში კიდევ 6 თვით გაგრძელდა.
როგორც სომხური მედია იუწყება, აღნიშნული გადაწყვეტილება მთავრობის სხდომაზე მიიღეს.
სომხეთის მთავრობის დადგენილების პროექტი „სომხეთიდან EAEU-ის არაწევრ ქვეყნებში გარკვეული საქონლის ექსპორტის დროებითი აკრძალვის გამოყენების შესახებ“ აწესებს დროებით აკრძალვას 6 თვით სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის ექსპორტზე. მათ შორისაა ხორბალი, ჭვავი, ქერი, სიმინდი, წიწიბურა და მზესუმზირას თესლი.
გადაწყვეტილება მიზნად ისახავს სომხეთის სასურსათო უსაფრთხოების უზრუნველყოფას და ეკონომიკის სტაბილიზაციას, ვინაიდან ამ პროდუქციის შიდა წარმოება არ აკმაყოფილებს სომხეთის ბაზრის საჭიროებებს და ეს ხარვეზი ძირითადად იმპორტის გზით ივსება.
აკრძალვა „რეექსპორტის“ საბაჟო წესით რეგისტრირებულ საქონელზე არ გავრცელდება.