საერთაშორისო სავალუტო ფონდის 2023 წლის გლობალური ეკონომიკური მიმოხილვის სრული ანგარიშის მიხედვით, წელს საქართველოში 6.2%-იან ეკონომიკური ზრდა არის მოსალოდნელი.

რეგიონის ქვეყნებს შორის შედარებით უფრო მაღალი 7%-იანი ზრდა არის მოსალოდნელი წელს სომხეთში, რის შედეგადაც, სომხეთის მშპ ერთ მოსახლეზე მიმდინარე ფასებში საქართველოს მაჩვენებელს 118 დოლარით გადაასწრებს და 8283 დოლარი გახდება. საქართველოს მშპ ერთ მოსახლეზე კი 8165 დოლარი იქნება. 

რაც შეეხება ზოგადად რეგიონის ქვეყნებს, 2023 წლის პროგნოზით, მშპ ერთ მოსახლეზე და ეკონომიკური ზრდის მოლოდინები ასეთია:

  • რუსეთის ფედერაცია - მოსალოდნელი მშპ ერთ მოსახლეზე $13 006, ეკონომიკური ზრდის ტემპი 2.2%
  • თურქეთი - მოსალოდნელი მშპ ერთ მოსახლეზე $13384, ეკონომიკური ზრდის ტემპი 4%;
  • სომხეთი - მოსალოდნელი მშპ ერთ მოსახლეზე  $8,283, ეკონომიკური ზრდის ტემპი 7%; 
  • საქართველო - მოსალოდნელი მშპ ერთ მოსახლეზე $8,165, ეკონომიკური ზრდის ტემპი 6.2%;
  • აზერბაიჯანი - მოსალოდნელი მშპ ერთ მოსახლეზე $7,530, ეკონომიკური ზრდის ტემპი 2.5%;
  • უკრაინა - მოსალოდნელი მშპ $5 225, ეკონომიკური ზრდის ტემპი 2%.

IMF-ის მონაცემებით, ბოლო 30 წლის განმავლობაში სომხეთის მშპ ერთ მოსახლეზე საქართველოს მაჩვენებელს მხოლოდ 8 წლის განმავლობაში აჭარბებდა. 

არსებული მდგომარეობით, საქართველო ერთ მოსახლეზე მშპ-ის დონით მსოფლიოში 87-ე ადგილზე იმყოფება, სომხეთი კი 86-ე ადგილს იკავებს. იმის მიუხედავად, რომ აზერბაიჯანს გაცილებით უფრო დიდი ზომის ეკონომიკა აქვს,  მშპ ერთ მოსახლეზე მაჩვენებლით ის საქართველოს და სომხეთს ჩამორჩება და მსოფლიოში 93-ე ადგილს იკავებს.