საქართველოში, აზერბაიჯანთან, სომხეთთან და ევროკავშირთან შედარებით, 2021 წელს, 3-ჯერ ნაკლები იყო ხილის მოსავლიანობა, ხოლო რუსეთთან და უკრაინასთან შედარებით 2-2.5-ჯერ - ამის შესახებ, Galt &Taggart-ის საქართველოს სოფლის მეურნეობის სექტორის შესახებ კვლევაში წერია.
2021 წლის მონაცემებით, საქართველოში, მის მეზობელ ქვეყნებსა და ევროკავშირში ხილის საშუალო მოსავლიანობა ასეთია იყო:
თურქეთი - 18.7 ტონა ჰექტარზე
სომხეთი - 12.9 ტონა ჰექტარზე
აზერბაიჯანი - 12.8 ტონა ჰექტარზე
ევროკავშირი - 12.2 ტონა ჰექტარზე
უკრაინა - 10.5 ტონა ჰექტარზე
რუსეთი - 9.7 ტონა ჰექტარზე
საქართველო - 4.1 ტონა ჰექტარზე
კვლევაში ნათქვამია, რომ საქართველოს სოფლის მეურნეობაში საშუალო მოსავლიანობა შესადარის ქვეყნებზე დაბალია. დარგი ხასიათდება შინამეურნეობების მაღალი წილით და მცირე ზომის მეურნეობებით, რაც აისახება დაბალ მოსავლიანობაზე. ხოლო ბიზნესის შემთხვევაში საშუალო მოსავლიანობა ხშირ შემთხვევაში ორჯერ მეტია ქვეყნის საშუალო მაჩვენებელზე, რაც ცხადყოფს ბიზნესის ეფექტურობას.
„მოსავლიანობის გაზრდისათვის ინვესტიციებთან ერთად საჭიროა საწარმოთა გამსხვილება მასშტაბის ეკონომიის მისაღწევად, ტექნოლოგიების დანერგვა, აგრონომებისა და პროექტის მენეჯერების კვალიფიკაციის ამაღლება, ჯიშების სწორად შერჩევა, კრიზისების მენეჯმენტი, მოსავლის აღების შემდგომ პროდუქტის ვარგისიანობის გახანგრძლივება და სხვ. სხვადასხვა სახელმწიფო და დონორების პროგრამების გათვალისწინებით სექტორის მიმზიდველობა მაღალია” - წერია კვლევაში.
საქართველოში ხილის წარმოება 2016-22 წლებში წლიურად საშუალოდ 4.5%-ით გაიზარდა და 642.6 მლნ კგ შეადგინა. ხილის წარმოებაში წამყვანია ყურძენი, ატამი და ვაშლი. აქედან ყურძენი ძირითადად ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების წარმოებაში გამოიყენება, ხოლო ატამი და ვაშლი წამყვანი საექსპორტო პროდუქტებია. მზარდია ასევე ხილის იმპორტიც, რომელიც 2016-2022 წლებში გაორმაგდა და 91.8 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. იმპორტის ზრდა ძირითადად იმ პროდუქტებზე მოდის, რომელსაც საქართველო არ აწარმოებს, მაგალითად ბანანი, ავოკადო და ტროპიკული ხილი.