საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობების ანალიტიკოსი, გოგიტა სურამელაშვილი სოციალურ ქსელში რუსეთში არსებულ ეკონომიკურ პრობლემებს და მასზე საერთაშორისო პროცესების გავლენას ეხმაურება.

„გრძელდება პრობლემები რუსეთის ეკონომიკაში. ამასთან, საერთაშორისო მასშტაბით მიმდინარე პროცესები, კიდევ უფრო აუარესებს რუსეთის ეკონომიკურ მდგომარეობას. ამ მხრივ, განსაკუთრებულ გავლენას რუსულ ეკონომიკაზე ახდენს ენერგო რესურსების მსოფლიო ბაზრებზე მიმდინარე პროცესები.

რუსული ნავთობის საშუალო ფასი, რომელიც საგადასახადო მიზნებისთვის არის გამოთვლილი, ა.წ. მაისში ერთ ბარელზე 4000 რუბლს ქვემოთ დაეცა, რაც ბოლო ორი წლის განმავლობაში პირველად ხდება და რაც 41%-ით ნაკლებია 2025 წლის ბიუჯეტში ჩადებულ ფასზე (69.7 აშშ დოლარი Urals-ის ტიპის ნავთობის ერთ ბარელზე, გაცვლითი კურსით - 96.5 რუბლი ერთ დოლარზე).

ა.წ. აპრილში, Urals-ის ტიპის ნავთობის საშუალო ფასი ერთ ბარელზე 4562 რუბლს შეადგენდა, რაც მიმდინარე წლის ბიუჯეტის მიზნობრივ მაჩვენებელზე 32%-ით ნაკლებია.

ა.წ. მარტის შედეგებით, Urals-ის ტიპის ნავთობის ფასმა რუბლში ერთ ბარელზე 5079 რუბლი შეადგინა, რაც ბიუჯეტის მიზნობრივ მაჩვენებელზე 24,5%-ით ნაკლებია.

როგორც ამ მონაცემებით ჩანს, 2025 წლის დასაწყისიდან, ნავთობის ფასი ყოველთვიურად სტაბილურად იკლებდა და შესაბამისად იკლებდა ბიუჯეტში შემოსავალი ნავთობის რეალიზაციიდან რუბლში.

რუსეთის მთავრობამ, ეკონომიკური განვითარების სამინისტროს ახალი მაკროეკონომიკური პროგნოზის საფუძველზე, დაამტკიცა წლევანდელ ბიუჯეტში ცვლილებები, რომლებიც ითვალისწინებს ენერგორესურსების რეალიზაციიდან მიღებული შემოსავლის თითქმის ოთხჯერ შემცირებას - 8,32 ტრილიონი რუბლიდან 2,6 ტრილიონ რუბლამდე.

მცირდება ასევე საგადასახადო შემოსავლები წარმოებიდან, რაც კიდევ უფრო მეტ ზეწოლას ახდენს რუსეთის ბიუჯეტზე. Росстат-ის მონაცემებით, 2025 წლის იანვარში, რუსეთის ინდუსტრია 3.2%-ით დაეცა.მცირდება გადასახადები ასევე რუსეთის ეკონომიის ცალკეული სექტორებიდან. მაგალითად, სერიოზული პრობლემები შეინიშნება სამშენებლო ინდუსტრიაში. აქ, ქვეყნის მასშტაბით საშუალო კლება 20%-ია, ზოგიერთ რეგიონში კი ეს მაჩვენებელი 70–90%-ს აღწევს. მაგალითად, ლენინგრადის რეგიონში, 2025 წლის პირველ კვარტალში, საბინაო შენობების მშენებლობის მოცულობა 70%-ით შემცირდა.

კლებაა ასევე, გადაზიდვებში, სოფლის მეურნეობაში, სესხების გაცემაში, წიაღისეულის მოპოვებაში და სხვა.

ეს ყველაფერი გავლენას ახდენს მშპ-ზე. Goldman Sachs-ის მონაცემებით, მშპ-ს ზრდის ტემპი რუსეთში, გასული წლის ბოლოდან 5%-დან პრაქტიკულად ნულამდე შემცირდა“, - აღნიშნავს სურამელაშვილი.