ბოლო პერიოდში, განსაკუთრებით პოსტსაბჭოთა ქვეყნებიდან ჩამოსული ტურისტების მხრიდან გახშირდა თაღლითობის ფაქტები თანხის გადახდასთან დაკავშირებით. ამის შესახებ „სასტუმროებისა და რესტორნების ფედერაციის“ დამფუძნებელმა შალვა ალავერდაშვილმა რადიო „პალიტრასა“ და „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „საქმე“ განაცხადა.
მისივე თქმით, მსგავსი თაღლითური სქემები სასტუმროების ბიზნესს, მიმდინარე წლის აგვისტოდან აზარალებს.
„ეს მოხდა, როგორც ჩემს სასტუმროებში, ასევე სხვებთანაც. უკვე რამდენჯერმე გვქონდა შემთხვევა, როდესაც ელექტრონულ ფოსტაზე გვწერს ადამიანი, რომ საქართველოში დასასვენებლად ჩამოდის რუსეთიდან ჯგუფი. თუმცა, გვეუბნება, რომ მათ აქვთ თანხის გადახდის პრობლემა, ამიტომ თვითონ გადაიხდის, რადგან თვითონ დუბაიში იმყოფება და შეზღუდვა არ აქვს. ამის შემდეგ გვიგზავნის თავის პასპორტს, საბანკო რეკვიზიტებს, საიდანაც უნდა მოხდეს თანხის ჩამოჭრა.
ჩვენც ვიღებთ ამ სტუმრების ჯგუფს, ელ.ფოსტაზე გამოგზავნილი საბანკო ანგარიშიდან ვაჭრით თანხას და შემდეგ იწყება პრობლემები. ეს ადამიანი, ვინც გვწერდა და გვიზიარებდა მონაცემებს, ჩივის თანხის ჩამოჭრის გამო. ამბობს, რომ მას არ დაუსვენია ჩვენთან და ითხოვს თანხის დაბრუნებას. მსგავსი შემთხვევები ძალიან გახშირდა. არც საბანკო სისტემას მოსწონს ეს და არავის, მერე ეჭვის საფუძველიც ხდება.
განსაკუთრებით შემოტევა იყო აგვისტოში. რამდენიმე ქეისი მქონდა, ეს მე რაც ვიცი. მგონია, რომ ბევრ ფილმს უყურეს ამ ადამიანებმა. ამ კუთხით, რუსეთიდან ჩამოსული ტურისტები განსაკუთრებით აქტიური არიან,“ - განაცხადა „სასტუმროებისა და რესტორნების ფედერაციის“ დამფუძნებელმა შალვა ალავერდაშვილმა გადაცემაში „საქმე“.