ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში ძლიერი ნალექის გამო სიტუაცია უკიდურესად რთულია. სოფელი უზუნ-თალა მთლიანად დატბორილია - წყალშია საცხოვრებელი სახლების პირველი სართულები.
ადგილობრივების ნაწილი სტიქიის ზონიდან ტრაქტორით გაიყვანეს. ეს გამოსავალი საკუთარი ძალებით მოიფიქრეს.
"პირველებს" ერთ-ერთი ადგილობრივი ეუბნება, რომ სახლში 10 წლის მცირეწლოვანი შვილი ჰყავს დარჩენილი, თუმცა მისი გამოყვანა ჯერჯერობით ვერ ხერხდება.
მოქალაქეები ამბობენ, რომ დაეხოცათ შინაური ცხოველებიც.
"მოზვერი მყავდა სახლში, წყალმა წაიღო. მინდოდა გადამერჩინა, ვერ გადავარჩინე. სახლი მაქვს დანგრეული. მომეხმარა ერთი ბიჭი და მაგის ტრაქტორებით გავიყვანე ოჯახის წევრები. ვითხოვ დახმარებას, არავინ მეხმარება. გვეუბნებიან, "ოცნებას" უნდა მისცეთ ხმაო. ვის უნდა მივცეთ ხმა?!," - ამბობს ადგილობრივი.
მოსახლეობა 112-ში ორი დღის განმავლობაში უშედეგოდ რეკავდა და დახმარებას ითხოვდა.
ადგილზე სამაშველო სამსახური მუშაობს.