ჩვენს ქვეყანას მართავს მხოლოდ და მხოლოდ ქართველი ხალხი და არავინ სხვა - ეს უნდა გაიგოს ყველამ, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე გარეთ, - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" თბილისის მერობის კანდიდატმა, დედაქალაქის მოქმედმა მერმა კახა კალაძემ, წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში, გლდანის რაიონის მოსახლეობასთან შეხვედრაზე განაცხადა.
კახა კალაძემ ამომრჩეველს საკრებულოს მაჟორიტარობის კანდიდატების მხარდაჭერისკენ მოუწოდა და აღნიშნა, რომ შემდეგი ოთხი წლის განმავლობაში მმართველი გუნდის მიერ დაწყებული პროექტები გაგრძელდება, რაშიც გრძელვადიან მშვიდობას უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება.
„ყველანი ვთანხმდებით, რომ მშვიდობის გარეშე შეუძლებელია ჩვენი დედაქალაქის განვითარება. ის შემოტევები, ცილისწამება, მუქარები, რაც ყოველდღიურად გვესმის გარედან, რა თქმა უნდა, ძალიან მძიმეა და არავის სიამოვნებს, თუმცა ჩვენ, ჩვენი ყოველდღიურობით, გადადგმული ნაბიჯებითა და პოლიტიკით, რომელსაც „ქართული ოცნება" ახორციელებს, ვიცავთ ჩვენს ქვეყანას, მის ხვალინდელ დღეს, ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობას, სუვერენიტეტს. დამოუკიდებლობის, თავისუფლების მოპოვება არ ყოფილა მარტივი. ჩვენმა წინა თაობებმა ამ ყველაფერს ბრძოლით, სისხლით მიაღწიეს, დღეს კი ჩვენი ყოველდღიური მოქმედებებით გვიწევს მათი შენარჩუნება. არავის მივცემთ შესაძლებლობას, რომ ქართველ ხალხს, საქართველოს თითის დაქნევით ელაპარაკოს. ჩვენ მეგობრებიც გვჭირდება, პარტნიორებიც, ურთიერთობებიც აუცილებელია, მაგრამ არა ისე, რომ რომელიღაცა დიდმა ქვეყანამ ჩვენ, პატარა ქვეყანას, რომელსაც უდიდესი კულტურა, წარსული, ტრადიციები გააჩნია, ზემოდან გვიყუროს და გველაპარაკოს", - აღნიშნა თბილისის მერმა.
დედაქალაქის მერმა განაცხადა, რომ შემდეგი ოთხი წლის განმავლობაში აქტიურად უნდა გაგრძელდეს ინფრასტრუქტურის მოწესრიგება, საზოგადოებრივი ტრანსპორტის განახლება, საბავშვო ბაღების მშენებლობა, ჯანდაცვის პროექტები და ა.შ.
„ვიღაცები გამოდიან და საარჩევნო კამპანიას გარეთ ატარებენ, იმის ნაცვლად, რომ ყოველდღიური შეხვედრები ჰქონდეთ ქართველ ამომრჩეველთან. აქ პრობლემა ისაა, რომ ჰგონიათ, ჩვენი ქვეყანა გარედან უნდა იმართებოდეს. ამ ქვეყანას მართავს მხოლოდ და მხოლოდ ქართველი ხალხი და არავინ სხვა. ეს უნდა გაიგოს ყველამ როგორც ქვეყნის შიგნით, ისე გარეთ. არავის მივცემთ შესაძლებლობას, რომ თითის დაქნევით გველაპარაკონ, რადგან დამოუკიდებელი, სუვერენული სახელმწიფო ვართ. უდიდესი კულტურა, ტრადიციები, წარსული გვაქვს, რითაც ვამაყობთ. ვამაყობთ, რომ ქართველები ვართ, აქ დავიბადეთ, აქ გავიზარდეთ. დღეს ემოციები გვერდით უნდა გადავდოთ და გავაკეთოთ ჩვენი გასაკეთებელი, ქართული საქმე. მშვიდობით მოვახერხებთ ქალაქების, სოფლების განვითარებას, იმ პროექტების განხორციელებას, რომლებიც ჩვენი ულამაზესი თბილისისთვის მნიშვნელოვანია. ვერავინ მოუვლის ამ ქალაქს ისე, როგორც ჩვენ", - განაცხადა დედაქალაქის მერმა.
"ქართული ოცნების" პრესსამსახურის თანახმად, კახა კალაძემ სიტყვით გამოსვლისას ყურადღება გაამახვილა დედაქალაქში დაგეგმილ პროექტებზეც და მხარდაჭერისთვის მმართველ გუნდს მადლობა გადაუხადა.
„ყველა ვიბრძვით, რომ დავიცვათ ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობა, სუვერენიტეტი. ამ ბრძოლაში, რა თქმა უნდა, თითოეული ჩვენგანის როლი მნიშვნელოვანია. ყველანი ვთანხმდებით, რომ მშვიდობის გარეშე წარმოუდგენელია ქვეყნის განვითარება. ჩვენ რომ არ გვებრძოლა მშვიდობისთვის, ვერ ვისაუბრებდით ქალაქში განსახორციელებელ პროექტებზე. მიუხედავად იმისა, რომ იყო უამრავი შემოტევა, ცილისწამება, შეურაცხყოფა, მუქარა, რომელიც დღესაც გრძელდება, გვიჭირავს მტკიცე პოზიცია და პირველ რიგში, ვიცავთ და ვატარებთ ჩვენი ქვეყნისა და ხალხის ინტერესებს. სხვანაირად შეუძლებელია. ჩვენ, რა თქმა უნდა, არ შევეგუებით, რომ ვიღაცებმა გარედან ხელი გვიქნიონ და მათი დავალებები შევასრულოთ - დავალებები, რომლებიც მტრულია, რადგან მეგობარი არ გეტყვის, შენს ქვეყანაში ომი გააჩაღეო", - განაცხადა კახა კალაძემ.
დედაქალაქის მერმა მხარდაჭერისა და თანადგომისთვის მადლობა „ქართული ოცნების" ამომრჩეველსაც გადაუხადა.
„მე ვარ ბედნიერი ადამიანი, რომ მომეცა საშუალება, ვემსახურო ჩვენს ულამაზეს დედაქალაქს, გემსახუროთ თქვენ, თბილისელებს. მადლობა ამ თანადგომისთვის და მხარდაჭერისთვის. მე მარტო არ ვარ ამ ბრძოლაში, ზურგს მიმაგრებს ძალიან დიდი გუნდი, რომელსაც „ქართული ოცნება" ჰქვია. რა თქმა უნდა, ეს თქვენი დამსახურებაა, რადგან ჩვენ ყველანი ვართ ჩვენი ქვეყნის რიგითი ჯარისკაცები. 4 ოქტომბერი კიდევ ერთი მნიშვნელოვანი თარიღია ჩვენი ქვეყნისთვის, ჩვენი დედაქალაქისთვის, რათა გაგრძელდეს ის პროექტები, რომლებიც წამოვიწყეთ სკვერების, პარკების, ავარიული კორპუსების ჩანაცვლებისა თუ სხვა არაერთი მიმართულებით. არავის დავტოვებთ პრობლემების პირისპირ. ყველას დავეხმარებით ჩვენი შესაძლებლობების ფარგლებში. ყველაზე მთავარი ქვეყანაში მაინც გრძელვადიანი მშვიდობის არსებობაა, რადგან მშვიდობას მოაქვს ქვეყნის განვითარება, ქვეყნის განვითარებას კი კეთილდღეობა თითოეულ ოჯახში", - განაცხადა კახა კალაძემ.
თბილისის მერმა ნაძალადევის რაიონის მაჟორიტარობის კანდიდატებს წარმატება და გამარჯვება უსურვა.
მოსახლეობასთან შეხვედრას თბილისის საარჩევნო შტაბის უფროსი ლევან მაჭავარიანი და ნაძალადევის რაიონის მაჟორიტარობის კანდიდატები ესწრებოდნენ.