„მიწის მდგრადი მართვისა და მიწათსარგებლობის მონიტორინგის ეროვნულმა სააგენტომ, საძოვრების ინვენტარიზაცია-რეგისტრაციის პროექტის დეტალების გასაცნობად, ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში დაინტერესებულ მხარეებთან პირველი სამუშაო შეხვედრა გამართა“ - ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.
„სააგენტოს თავმჯდომარე გიორგი მიშელაძემ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს პროექტის განხორციელების ეტაპები გააცნო. პირველ ეტაპზე შეიქმნა საძოვრების იდენტიფიცირების მეთოდოლოგია და სამუშაო რუკა. შემდგომ, დაგეგმილია რეგისტრირებული და არარეგისტრირებული საძოვრების აზომვა, კატეგორიზაცია და ფაქტობრივი გამოყენების გადამოწმება მოსახლეობასთან კონსულტაციით, მუნიციპალიტეტისა და სახელმწიფო უწყებების ჩართულობით. საბოლოო დოკუმენტაცია სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს გადაეცემა შესათანხმებლად, ხოლო შეთანხმებული პაკეტი საჯარო რეესტრს წარედგინება რეგისტრაციისთვის.
გიორგი მიშელაძემ ყურადღება ქვეყანაში საძოვრების რაოდენობრივი და ხარისხობრივი მონაცემების შესახებ სრულყოფილი მონაცემების არსებობის მნიშვნელობაზე გაამახვილა და აღნიშნა, რომ ასეთი მონაცემები შესაძლებელს გახდის საძოვრების ოპტიმალურ გამოყენებას და მართვას.
შეხვედრას ესწრებოდნენ მუნიციპალიტეტის მერი ანივარდ მოსოიანი, საკრებულოს თავმჯდომარე ვაან აროიანი, საქართველოს პარლამენტის წევრი სუმბატ კიურეღიანი, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინიტროსა და სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს სამცხე-ჯავახეთის მომსახურების ცენტრის, ასევე, ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლები.
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის მერის, ანივარდ მოსოიანის განცხადებით, საძოვრების აღრიცხვა და რეგისტრაცია ადგილობრივ მოსახლეობას დაეხმარება საძოვრების რაციონალურად გამოყენებაში.
შეხვედრის ბოლოს გაიმართა დისკუსია, სადაც მონაწილეებმა საკითხზე საკუთარი მოსაზრებები გააზიარეს.
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში საძოვრების ინვენტარიზაციისა და აღრიცხვის პილოტირების საანალიზო მიზნობრივი ფართობი 106,163 ჰას შეადგენს; მიმდინარე პროექტით დარეგისტრირდება აღნიშნული ფართობის მინიმუმ 15% (15,900 ჰა).
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის საძოვრების ინვენტარიზაცია-რეგისტრაციის პროექტი ხორციელდება „მერძევეობის დარგის მოდერნიზაცია და ბაზარზე წვდომა: ადაპტაციის კომპონენტის (DiMMAdapt)“ პროგრამის ფარგლებში, სოფლის მეურნეობის განვითარების საერთაშორისო ფონდისა (IFAD) და ადაპტაციის ფონდის (AF) დაფინანსებით. პროექტის მიზანი საქართველოში საძოვრების მართვის ეფექტური რეფორმებისთვის საფუძვლის მომზადებაა“ – ნათქვამია ინფორმაციაში.