რუსული ტელეგრამ არხები წერენ, რომ 28 სექტემბერს უკრაინამ ამერიკული HIMARS-ის მეშვეობით რუსეთის ქალაქ ბელგოროდის მახლობლად მდებარე თბოელექტროსადგურზე იერიში მიიტანა.
ცნობები გავრცელდა ერთ-ერთ ქვესადგურზე მიტანილი იერიშის შედეგად ბელგოროდის ოლქის სხვადასხვა ნაწილში ელექტროენერგიის გაითიშვის შესახებაც.
ობიექტზე დარტყმა და რეგიონში ელექტროენერგიის "მნიშვნელოვანი გათიშვა" ბელგოროდის ოლქის გუბერნატორმა ვიაჩესლავ გლადკოვმაც დაადასტურა.
მანამდე, 17 სექტემბერს, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ დაადასტურა, რომ უკრაინა HIMARS-ის რაკეტებს NATO-ს მიერ დაფინანსებული ამერიკული შეიარაღების პაკეტის ფარგლებში მიიღებდა.
ცნობისთვის, ბოლო პერიოდში კიევმა რუსეთის შემოსავლის ძირითად წყაროზე, ნავთობის, გაზისა და ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე თავდასხმები გააქტიურა. ხარკოვის ოლქის საზღვართან მდებარე ბელგოროდი კი უკრაინის დარტყმების რეგულარულ სამიზნეს წარმოადგენს.
უკრაინის შეიარაღებული ძალების მეთაურმა ოლექსანდრ სირსკიმ 25 სექტემბერს განაცხადა, რომ რუსეთის ნავთობის სექტორის ინფრასტრუქტურაზე კიევის დარტყმებმა სერიოზულად შეაფერხა რუსეთის შეიარაღებული ძალებისთვის საწვავის მიწოდება და, ზოგადად, ლოჯისტიკა.