შეიარაღებული ბანდების მხრიდან ძალადობის გამო, ჰაიტიში თავის საცხოვრებელი 700 000-ზე მეტმა ადამიანმა დატოვა, რომელთაგან ნახევარზე მეტი ბავშვია. გაერო-ს სააგენტოს - მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (IOM) - მიერ ოთხშაბათს, 2 ოქტომბერს გავრცელებული განცხადების თანახმად, ივნისიდან ეს მაჩვენებელი თითქმის მეოთხედით გაიზარდა.

გაერო-ს სააგენტოს ცნობით, მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციამ სექტემბრის დასაწყისში ჰაიტიში 702 973 იძულებით გადაადგილებული პირი დააფიქსირა, რაც ივნისის მაჩვენებელს 22%-ით აღემატება.

„იძულებით გადაადგილებულ პირთა რაოდენობის მკვეთრი ზრდა მდგრადი ჰუმანიტარული რეაგირების გადაუდებელ აუცილებლობაზე მიუთითებს. მოვუწოდებთ საერთაშორისო საზოგადოებას, გააძლიეროს მხარდაჭერა ჰაიტიში იძულებით გადაადგილებული პირებისა და ადგილობრივი თემების მიმართ, რომლებიც ამ გამოწვევების მიმართ გასაოცარ გამძლეობას ავლენენ“, - აცხადებს IOM-ის მისიის ხელმძღვანელი ჰაიტიში, გრეგუარ გუდშტეინი.

სააგენტოს განმარტებით, იძულებით გადაადგილებულ პირთა უმრავლესობა (დაახლოებით 75%), დროებით, ჰაიტის სხვადასხვა პროვინციაში განთავსდა. მათი ყველაზე დიდი კონცენტრაცია (45%) გრანდ-სუდის რეგიონში ფიქსირდება.

დედაქალაქ პორტ-ო-პრენსში, სადაც სიტუაცია არასტაბილური და არაპროგნოზირებადი რჩება, იძულებით გადაადგილებულ პირთა მეოთხედი იმყოფება, რომლებიც ხშირად გადატვირთულ ადგილებში ცხოვრობენ და ძირითად სერვისებზე წვდომა შეზღუდული აქვთ ან საერთოდ არ გააჩნიათ.

მიმღები თემები და მრავალი პრობლემა

მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაცია ხაზს უსვამს, რომ კრიზისის ტვირთი, ძირითადად, იძულებით გადაადგილებულ პირთა მიმღებ თემებს აწვებათ, რომლებიც ამჟამად დევნილთა 83%-ს იფარებენ.

„მიმღები თემების უმეტესობა მნიშვნელოვანი სირთულეების წინაშე დგას, მათ შორის აღსანიშნავია საკვების ნაკლებობა, სამედიცინო დაწესებულებების გადატვირთულობა და ადგილობრივ ბაზრებზე პირველადი მოხმარების ნივთების ნაკლებობა“, - აღნიშნავს გაერო-ს სააგენტო.

ორგანიზაციის ცნობით, ადგილობრივი ინფრასტრუქტურა და სერვისები, განსაკუთრებით პროვინციებში, ასევე ძალიან არის დატვირთული და ამის გამო, თავს იჩენს არაერთი არაერთი მწვავე პრობლემა - სურსათის ნაკლებობა, არაადეკვატური საცხოვრებელი პირობები, ჯანდაცვისა და განათლების ნაკლებად ხელმისაწვდომობა.

შეიარაღებული ბანდები და ქვეყნის გზების კონტროლი

უსაფრთხოების მხარდამჭერი მრავალეროვნული მისიის (MMAS) ქვეყანაში შეყვანის მიუხედავად, რომელსაც კენიელები ხელმძღვანელობენ, ვითარება ჰაიტიში, უსაფრთხოების კუთხით, კვლავ კრიტიკული რჩება.

მთავარი გზები კვლავ შეიარაღებულ ბანდებს უკავიათ, რომლებიც დედაქალაქის დიდ ნაწილს აკონტროლებენ.

ჰაიტის, რომელიც რეგიონის უღარიბესი ქვეყანაა, დიდი ხანია აწუხებს ბანდიტიზმი, მაგრამ ბოლო თვეებში ის თითქმის გაორმაგდა, რამაც ისედაც ლამის მუდმივი ჰუმანიტარული კრიზისი უფრო გააუარესა.

ამ ბანდებს ბრალად ედებათ უამრავი მკვლელობა, გაუპატიურება, ძარცვა და ადამიანების გატაცება, გამოსასყიდის მიღების მიზნით.

წყარო: 1 არხი