აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა 5 ოქტომბერს განაცხადა, რომ რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის წინადადება მოხალისეობრივად შენარჩუნდეს ზღვარი განთავსებულ სტრატეგიულ ბირთვულ იარაღზე "კარგ იდეას ჰგავს".

პუტინი გასულ თვეში გამოვიდა წინადადებით მოხალისეობრივად შეინარჩუნოს ზღვარი, რომელიც მსოფლიოს ორი უდიდესი ბირთვული არსენალის მქონე ქვეყანას განესაზღვრა 2010 წლის New START-ის ხელშეკრულებით - თუკი აშშ-იც ასე მოიქცევა. ხელშეკრულებას ვადა 2026 წლის თებერვალში ეწურება.

ტრამპმა ამ განცხადებით ჟურნალისტის კითხვას უპასუხა თეთრი სახლიდან გაფრენამდე. დეტალები მას არ დაუკონკრეტებია, კერძოდ, არ უთქვამს შეეცდება თუ არა აშშ ხელშეკრულების გახანგრძლივების მიღწევას რუსეთთან.

ხელშეკრულების საკითხი პუტინმა წამოჭრა 22 სექტემბერს, უშიშროების საბჭოს წევრებთან შეხვედრაზე. კრემლში მას მერე ხშირად აღნიშნავდნენ, რომ ამერიკის მხარისგან პასუხი არ მიუღიათ. არადა ტრამპის პრესმდივანმა იმავე დღეს თქვა, რომ პრეზიდენტი საქმის კურსშია პუტინის წინადადებასთან დაკავშირებით.

რადიო თავისუფლების რუსული სამსახურის ცნობით, პუტინმა, ფაქტობრივად, განაცხადა, რომ ვადის ამოწურვის შემდეგ ხელშეკრულების გახანგრძლივება ნაკლებად სავარაუდო იქნება. ამავე დროს, პუტინის სიტყვებით, რუსეთს არ სურს "გამალებული სტრატეგიული შეიარაღების შემდეგი პროვოცირება" და ის შეეცდება "ამჟამინდელ ეტაპზე" შეინარჩუნოს შექმნილი სტატუს-კვო. საამისოდ, პუტინის თქმით, მოსკოვი იკისრებს პასუხისმგებლობას "ერთი წლის განმავლობაში უერთგულოს ცენტრალურ რაოდენობრივს შეზღუდვებს", თუკი "აშშ-იც ანალოგიური ფორმით მოიქცევა". ერთი წლის გასვლის შემდეგ მოსკოვში გადაწყვეტენ გააგრძელებენ თუ არა "მოხალისეობრივ შეზღუდვებს" ბირთვულ სფეროში.

ხელშეკრულება შეზღუდვებს აწესებს ატომური იარაღის მატარებლების და ქობინების რაოდენობაზე, ასევე ადგენს კონტროლის ზომებს.

radiotavisupleba.ge