აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ თუ „ჰამასი“ უარს იტყვის ღაზაზე ძალაუფლებისა და კონტროლის დათმობაზე და არ შეასრულებს ტრამპის მიერ შეთავაზებულ ცეცხლის შეწყვეტის გეგმას, დაჯგუფებას „სრული განადგურება“ ემუქრება. ამის შესახებ დონალდ ტრამპმა „სიენენს განუცხადა.

ამასთან, მან მედიას განუცხადა, რომ ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ სრულად ეთანხმება ღაზაში იერიშების კამპანიის დასრულებას.

ტრამპმა ასევე აღნიშნა, რომ „მალე გაიგებს, სერიოზულად არის თუ არა „ჰამასი“ განწყობილი“ და ნამდვილად უერთგულებს თუ არა საკუთარ პირობას.

ცნობისთვის, 3 ოქტომბერს „ჰამასი“ ცეცხლის შეწყვეტაზე დონალდ ტრამპის სამშვიდობო გეგმას დათანხმდა. გავრცელებული ცნობით, „ჰამასი“ თანახმაა, გაათავისუფლოს ყველა ისრაელელი მძევალი, მათ შორის დააბრუნოს გარდაცვლილთა ცხედრები. რაც შეეხება ღაზის ტერიტორიას, „ჰამასი“ მოითხოვს, რომ კონტროლი გადაეცეს პალესტინის დამოუკიდებელ ტექნოკრატიულ ხელისუფლებას.

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ღაზის სამშვიდობო გეგმა ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუსთან შეხვედრისას 29 სექტემბერს წარადგინა.