თბილისში, აღმაშენებლის გამზირზე, ახალი სახელოვნებო სივრცე- MESMA ART SPACE- გაიხსნა.
MESMA ART SPACE კულტურის განვითარების ფონდის “მესმას” მიერ დაფუძნდა, რომლის ერთ-ერთი მთავარი მიზანია, ფონდის ბენეფიციარებისთვის პროფესიული პლატფორმის შექმნა და მათი შემოქმედებითი საქმიანობის ფართო საზოგადოებისთვის გაცნობა.
სივრცის შექმნის იდეასა და განხორციელებაში განსაკუთრებული წვლილი მიუძღვის IPOA-ს და მისი გამგეობის წევრს, ბიზნესმენ ალექსანდრე გვარიშვილს, რომელმაც პროექტს სრული თანადგომა გამოუცხადა, რაც ასე მნიშვნელოვანია ფონდის განვითარებისთვის, ზრდისა და ახალი ნაბიჯების გადასადგმელად.
MESMA ART SPACE განთავსებულია თბილისის ისტორიულ უბანში, დავით აღმაშენებლის გამზირზე მდებარე XIX საუკუნის შენობაში, რომელიც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლს წარმოადგენს და თავისი არქიტექტურული ესთეტიკით გამოირჩევა.
სივრცე 18 სექტემბერს გამოფენით „ფრაგმენტები“ გაიხსნა, სადაც წარმოდგენილი იყო სხვადასხვა თაობის მხატვრების - ვახტანგ მუსხელიშვილის, დიმიტრი ანთაძის, დავით გაგოშიძისა და თალია თოიძის - შემოქმედება.
ღონისძიებაზე ასევე გაიმართა ნიკოლოზ წულუკიძისა და ლელა არაბიძის წიგნის - „ამბები დიმიტრი ყიფიანზე“ - პრეზენტაცია.
საღამოს ფარგლებში ფონდი „მესმა“ დამსწრე საზოგადოებას ახალ, გამორჩეულ ინიციატივასა და სპეციალურ ნომინაციას გააცნობს.