თბილისის მერი კახა კალაძე „დეზერტირების ბაზრის“ მოვაჭრეების პროტესტს ეხმაურება და ამბობს, რომ ამ ადამიანებს სჭირდებათ თანადგომა და მხარდაჭერა.
კალაძემ მოუწოდა ბაზრის ადმინისტრაციას, უზრუნველყოს შესაბამისი სივრცის გამოყოფა, რათა მოვაჭრეებმა შეძლონ საქმიანობის გაგრძელება.
„გუშინ ე.წ. დეზერტირების ბაზართან ხმაური იყო. მიზეზი გახდა ბაზრის ადმინისტრაციის მხრიდან გავრცელებული ინფორმაცია, ტერიტორიის მოწესრიგების შესახებ. მოგეხსენებათ, ე.წ. დეზერტირების ბაზარი არის კერძო საკუთრება და არ წარმოადგენს მუნიციპალიტეტის საკუთრებას. მესაკუთრეს დაგეგმილი აქვს ტერიტორიის მოწესრიგება და სამშენებლო სამუშაოების წარმოება. მგონი ყველა ვთანხმდებით, რომ იქ არსებული დღევანდელი მდგომარეობა კრიტიკას ვერ უძლებს, არის ანტისანიტარია, მოუწესრიგებელი.
შესაბამისად, ტერიტორიის მოწესრიგებასა და რეაბილიტაციაზე მუნიციპალიტეტის მხრიდან გაცემულია შესაბამისი ნებართვა.
ჩვენთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია, რომ მოწესრიგების პროცესმა არ დააზიანოს და არ დააზარალოს იქ დასაქმებული ადამიანები. ნებართვა ტერიტორიის მოწესრიგებაზე, განახლებაზე, რეაბილიტაციაზე არ ნიშნავს ადამიანების ერთ დღეში ალტერნატივის გარეშე დატოვებას. იქ არიან ადამიანები ვისაც უჭირს, ყოველდღიურად შრომობს და რა თქმა უნდა, ამ ადამიანებს სჭირდებათ თანადგომა და მხარდაჭერა. ვაცხადებ, რომ მათ ჩვენი მხრიდან ექნებათ ყველანაირი ხელშეწყობა. კერძო საკუთრებას არ ვეხებით, ჩვენ ვეხმარებით ბიზნესსექტორს, თუმცა ძალიან მნიშვნელოვანია ადამიანები. რასაც რეაბილიტაცია უტარდება ეს ხომ ადამიანებისთვის კეთდება, ამიტომ მივმართავ ბაზრის ადმინისტრაციას, უზრუნველყოს მოვაჭრეებისთვის გონივრული ვადა და შესაბამისი სივრცე გამოიყოს საქმიანობის გასაგრძელებლად რომ ეს ადამიანები არ დარჩნენ ყველაფრის გარეშე“, - თქვა კალაძემ.
შეგახსენებთ, ე.წ. დეზერტირების ბაზრის ტერიტორიაზე მოვაჭრეების პროტესტი ბაზრის ადმინისტრაციის მოთხოვნას მოჰყვა, რომლის მიხედვითაც მათ ტერიტორიის დატოვება და მუშაობის შეწყვეტა მოუწევთ. არსებული ინფორმაციით, მოვაჭრეებს უთხრეს, რომ 1 ოქტომბრიდან ბაზრის ტერიტორიაზე ვეღარ იმუშავებენ.
მოვაჭრეების უკმაყოფილება ტერიტორიის სარეაბილიტაციო სამუშაოების დაწყების საკითხსაც უკავშირდება. გარდა ამისა, ცნობილია, რომ ბაზრის ტერიტორიაზე ახალი სავაჭრო ცენტრის მშენებლობაა დაგეგმილი.
