სომხეთის მთავრობა „მშვიდობის გზაჯვარედინის“ პროექტის ფარგლებში ქვეყნის სარკინიგზო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციასა და რეგიონულ სატრანსპორტო ქსელებთან ინტეგრირებას გეგმავს.
2023 წელს წარმოდგენილი ინიციატივის მიზანია, მეზობელ ქვეყნებთან სატრანსპორტო კავშირების აღდგენის გზით, სომხეთი რეგიონულ სატრანზიტო კვანძად ჩამოყალიბდეს.
პროექტის ფარგლებში დაგეგმილია რამდენიმე სარკინიგზო მონაკვეთის რეაბილიტაცია, მათ შორის:
-
„ჰრაზდანი-კაიანი“ – 80 კმ;
-
სამხრეთის მიმართულება „აგარაკისკენ“ – 43 კმ;
-
„გიუმრი-ახურიკი“ – 6 კმ;
-
„იერასხის“ მიმართულება – 1 კმ.
თითოეულ მიმართულებას განსხვავებული სტრატეგიული დატვირთვა აქვს. „გიუმრი-ახურიკის“ მონაკვეთის რეაბილიტაცია სომხეთს თურქეთთან სარკინიგზო კავშირის აღდგენის შესაძლებლობას მისცემს, ხოლო „იერასხის“ მიმართულება ნახიჩევანისა და ირანის მიმართულებებთან დაკავშირებას უკავშირდება.
ამასთან, „ჰრაზდანი-კაიანის“ მონაკვეთი სომხეთის შიდა სარკინიგზო ქსელის ჩრდილოეთ და სასაზღვრო მიმართულებებთან ინტეგრაციისთვისაა მნიშვნელოვანი და მომავალში აზერბაიჯანის მიმართულებით ჩრდილოეთის მარშრუტის შექმნასაც უკავშირდება.
სარკინიგზო ინფრასტრუქტურის კომპონენტი პროექტის ერთ-ერთ ყველაზე რთულ მიმართულებად განიხილება, რადგან მისი განხორციელება საჭიროებს ხანგრძლივ და მნიშვნელოვან ინვესტიციებს. საუბარია ინფრასტრუქტურის მოდერნიზაციასა და საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანაზე.
რეგიონული სატრანსპორტო კომუნიკაციების გახსნის შემთხვევაში, სომხეთის სარკინიგზო ქსელს შესაძლოა დამაკავშირებელი ფუნქცია ჰქონდეს „შუა დერეფანს“, „ჩრდილოეთ-სამხრეთის“ საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტსა და „შავი ზღვა-სპარსეთის ყურის“ სატრანსპორტო ღერძს შორის.
განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება საბჭოთა პერიოდში მოქმედი „იერასხი-ჯულფა-მეღრის“ სარკინიგზო მიმართულების შესაძლო რეაბილიტაციასაც. აღნიშნული მარშრუტის აღდგენა სომხეთს სამხრეთისა და აღმოსავლეთის ბაზრებთან დაკავშირების შესაძლებლობას მისცემდა და გააძლიერებდა სატრანსპორტო კავშირებს ირანთან, რუსეთთან და რეგიონის სხვა სატრანსპორტო ქსელებთან.
სომხეთის მთავრობის მიერ წარმოდგენილი ხედვის მიხედვით, სარკინიგზო ინფრასტრუქტურის განვითარება მხოლოდ ცალკეული მონაკვეთების რეაბილიტაციას არ გულისხმობს და ქვეყნის რეგიონულ სატრანზიტო ქსელში ინტეგრაციის ერთ-ერთ მთავარ მიმართულებად განიხილება.