ევროკავშირის სანქციების ახალი პაკეტის პროექტიდან, რომელიც წევრი სახელმწიფოების მუდმივმა წარმომადგენლებმა 11 ნოემბერს შეათანხმეს, თავდაპირველად განხილული ოთხი იურიდიული პირი ამოიღეს,- ამის შესახებ საგამოძიებო პროექტი „სისტემა“ იუწყება.

გამოცემის ინფორმაციით, სანქციების სიაში აღარ მოხვდნენ „პირველი საინვესტიციო ბანკი“, „საინვესტიციო კოოპერატიული ბანკი“, ბანკი „რესო კრედიტი“ და ნავთობკომპანია „ტანეკო“. ოთხივე კომპანია ევროპელი აქციონერების ინტერესებთან არის დაკავშირებული.

„პირველი საინვესტიციო ბანკის“ 93.2%-იან წილს ბულგარული Starcom Holding ფლობს. კომპანიის 2025 წლის ანგარიშის მიხედვით, გეოპოლიტიკური ვითარებისა და ევროკავშირისა და რუსეთის მიერ დაწესებული შეზღუდვების გამო, მას აღნიშნული ინვესტიციის განკარგვა არ შეუძლია.

ყაზანში დაფუძნებული „საინვესტიციო კოოპერატიული ბანკის“ 86.27%-ს კი 2021 წლიდან ბულგარული ჯგუფი Chimimport აკონტროლებს.

რაც შეეხება დანარჩენ ორ კომპანიას, ბანკი „რესო კრედიტი“ ფრანგულ სადაზღვევო ჯგუფ AXA-სთან არის დაკავშირებული, ნავთობკომპანია „ტანეკო“ კი უნგრულ ჯგუფ MOL-თან.

რადიო თავისუფლების ბრიუსელში მომუშავე წყაროების ინფორმაციით, პირველი ორი ბანკის სანქციების სიიდან ამოღება ბულგარეთის მხარემ მოითხოვა, „რესო კრედიტის“ შემთხვევაში ინიციატივა საფრანგეთის წარმომადგენლებს ეკუთვნოდათ, „ტანეკოს“ საკითხი კი უნგრეთის მხარემ დააყენა. გამოცემის კითხვებს სამივე ქვეყნის წარმომადგენლებმა არ უპასუხეს.

„სისტემა“ აღნიშნავს, რომ ეს ევროკავშირის სანქციების პაკეტის განხილვისას მსგავსი შემთხვევის პირველი მაგალითი არ არის. ოქტომბერში, სანქციების წინა პაკეტის შეთანხმების პროცესში, ესტონეთის მოთხოვნით სიიდან ერთი კომპანია ამოიღეს.

გავრცელებული ინფორმაციით, ევროკავშირის სანქციების ახალი პაკეტი საბოლოოდ 16 ნოემბერს უნდა დამტკიცდეს. პროექტი 113 ფიზიკურ და იურიდიულ პირს მოიცავს, მათ შორის 50 ბანკს, ენერგეტიკულ კომპანიებსა და რუსეთის ე.წ. „ჩრდილოვან ფლოტთან“ დაკავშირებულ სტრუქტურებს.