თეთრი სახლის განცხადებით, დონალდ ტრამპი, ვლადიმერ პუტინი და სი ძინფინგი მომავალ კვირას ჩინეთში დაგეგმილი სამიტის ფარგლებში ერთმანეთთან შეხვედრას აპირებენ.

თეთრი სახლის პრესმდივნის თანაშემწის, ოლივია უელსის განცხადებით, აშშ-ს, რუსეთისა და ჩინეთის ლიდერების შეხვედრა სამხრეთის ქალაქ შენჟენში გაიმართება, სადაც ტრამპი აზიისა და წყნარი ოკეანის ეკონომიკური თანამშრომლობის (Apec) სამიტს დაესწრება. მისი თქმით, ტრამპმა განმარტა, რომ შეხვედრაზე, სხვა საკითხებთან ერთად, მსოლიოში ბირთვული შეიარაღების შემცირებას განიხილავს.

BBC-ის ცნობით, ლიდერებმა შეხვედრაზე შესაძლოა ირანის საკითხიც განიხილონ, თუმცა არა უკრაინის. მოსკოვსა და პეკინს კომენტარი ჯერ არ გაუკეთებიათ.

საინფორმაციო სააგენტოების, AP-ისა და Reuters-ის ცნობით, მაღალი რანგის ანონიმურმა ამერიკელმა თანამდებობისპირმა განაცხადა, რომ მოლაპარაკებების შედეგად რაიმე შეთანხმების მიღწევა არ არის მოსალოდნელი.

ტრამპი შენჟენში 21 წევრი სახელმწიფოს ორდღიან სამიტზე დასასწრებად 18 ნოემბერს ჩავა. შემდეგ დღეს ის ასევე სისთან ორმხრივ მოლაპარაკებებშიმიიღებს მონაწილეობას, რაც 2025 წელს აშშ-ს პრეზიდენტის თანამდებობაზე დაბრუნების შემდეგ მათი მეოთხე შეხვედრა იქნება.

"პრეზიდენტი ტრამპი ჩინეთში ვიზიტს აშშ-ს პრეზიდენტის, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის პრეზიდენტისა და რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის სამმხრივი შეხვედრით დაასრულებს". - განაცხადა უელსმა.

მისი თქმით, ტრამპის ვიზიტი, რომელიც ასევე მოიცავს 17 ნოემბერს ფილიპინებში სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყნების ასოციაციის (Asean) სამიტზე დასწრებას, "ამერიკელ ხალხს ისტორიულ გამარჯვებებს მოუტანს და ინდოეთისა და წყნარი ოკეანის რეგიონში ამერიკის ინტერესებს წინ წასწევს".

აშშ-სა და რუსეთს შორის ბირთვული შეიარაღების კონტროლის ხელშეკრულებას ვადა თებერვალში ამოეწურა, რის გამოც მსოფლიოს უდიდესი ბირთვული არსენალები ძირითადი შემაკავებელი ბარიერების გარეშე დარჩა.

გაერომ ორივე მხარეს ახალ ჩარჩოზე დაუყოვნებლივ შეთანხმებისკენ მოუწოდა. თუმცა ტრამპმა განაცხადა, რომ შეეძლო ეს შეთანხმება უკეთესი პირობებით ჩაენაცვლებინა და მასში ჩინეთიც ჩაერთო, რომელიც საკუთარ ბირთვულ არსენალს აძლიერებს.