აშშ-ში საჰაერო მიმოსვლის მართვის ცენტრებში საკომუნიკაციო სისტემის გაუმართაობის გამო, მთელი ქვეყნის მასშტაბით ფრენები შეჩერდა - ავიამიმოსვლა რამდენიმე საათის შემდეგ განახლდა, - ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
აშშ-ის ფედერალურმა საავიაციო ადმინისტრაციამ (FAA) განცხადება გაავრცელა, რომ „საგანგებო გარემოებებისა და უსაფრთხოების“ გამო ქვეყნის მასშტაბით აეროპორტებში ფრენები შეაჩერა.
აშშ-ის ტრანსპორტის მდივნის, შონ დაფის ცნობით, შეფერხება ადგილობრივი დროით 15:36 საათზე დაფიქსირდა, ხოლო ფრენები 20:15 საათზე განახლდა.
დაფის თქმით, მართვის ცენტრებში რადარისა და საკომუნიკაციო სისტემები დიდი რაოდენობით მონაცემების მიღების შემდეგ გადაიტვირთა. ასევე, აშშ-ის ტრანსპორტის მდივანმა აღნიშნა, რომ საკომუნიკაციო სისტემები მწყობრიდან სრულად არ გამოსულა და ათასობით რეისი უსაფრთხოდ დაეშვა.
FlightRadar24-ის მონაცემებით, აშშ-ის მასშტაბით 6600-ზე მეტი რეისი გაუქმდა და 8600 რეისი გადაიდო.
აშშ-ის შიდა უსაფრთხოების მდივანმა, მარკუეინ მალინმა განაცხადა, რომ ჯერჯერობით არანაირი მტკიცებულება არ არსებობს იმისა, რომ სისტემაში გაუმართაობა კიბერშეტევამ ან ხელოვნური ინტელექტის ჩარევამ გამოიწვია.
„როგორც ჩანს, ეს ტექნიკურმა გაუმართაობამ გამოიწვია, თუმცა ჩვენ კვლავ ვიძიებთ“, - აღნიშნა მალინმა.
კიბერშეტევა და ხელოვნური ინტელექტის ჩარევა გამორიცხა აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმაც. ტრამპმა Fox News-ს განუცხადა, რომ შეფერხება მოძველებულმა ინფრასტრუქტურამ გამოიწვია.
ამასთან, აშშ-ის ტრანსპორტის მდივანმა პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ მსგავსი შემთხვევების თავიდან აცილება კონგრესს შეუძლია, თუ ახალი სისტემისთვის საჭირო დაფინანსებას გამოყოფს.
„მოძველებული საჰაერო მიმოსვლის მართვის სისტემა გვაქვს. მოგვეცით ფული, რათა ის გამოვასწოროთ“, - განაცხადა დაფიმ.
ცნობისთვის, ეს 2001 წლის 11 სექტემბრის ტერაქტების შემდეგ აშშ-ის მასშტაბით ფრენების შეჩერების ყველაზე ხანგრძლივი შემთხვევაა.