საქართველოში ბოლო წლებში საერთაშორისო ჰაბის სტატუსის დაკარგვის რისკი გაჩნდა. ამის შესახებ საქართველოში დიდი ბრიტანეთის ელჩმა გარეტ უორდმა BMG-ის გადაცემაში გიორგი ისაკაძესთან და ელენე კვანჭილაშვილთან ინტერვიუში განაცხადა.

ელჩის თქმით, ის საქართველოს 1999 წლიდან იცნობს და წლების განმავლობაში აკვირდებოდა, როგორ ჩამოყალიბდა ქვეყანა რეგიონის საერთაშორისო ჰაბად. მისი შეფასებით, ეს სტატუსი საქართველოსთვის მნიშვნელოვანი ეკონომიკური და საერთაშორისო რესურსია, რომლის შენარჩუნებაც აუცილებელია.

„მე 1999 წლიდან ვიცნობ საქართველოს - და მე ვნახე, როგორ გახდა საქართველო რეგიონის საერთაშორისო ჰაბი. და ეს ძალიან ძვირფასია. ეს არ არის ჰაბი მხოლოდ, როგორც ადრე განვიხილეთ, სატვირთო კონტეინერებისთვის; ეს არის ჰაბი ხალხისა და იდეებისთვის. და ეს ძალიან ძვირფასია და შენარჩუნებული უნდა იყოს. ასე რომ, ბოლო წლებში მე დავინახე რისკი, რომ საქართველო დაკარგავს რეგიონის საერთაშორისო ჰაბის სტატუსს. და კიდევ ერთხელ, ჩვენ გვსურს ვიმუშაოთ თქვენთან, სხვა კომპანიებთან, ქართულ ორგანიზაციებთან, მთავრობასთან, სამოქალაქო საზოგადოებასთან, რათა დავრწმუნდეთ, რომ საქართველო არის საერთაშორისო ჰაბი და ადგილი, სადაც ბრიტანელი ექსპერტები, გერმანელი ექსპერტები, აშშ-ის ექსპერტები ფიქრობენ: „მე მინდა ჩავიდე თბილისში, მინდა ვიყო ამ კონფერენციაზე, მინდა ჩავრთო ამ საუბარში, მინდა მივცე ინტერვიუ BMG-ს“. და ეს იქნება საქართველოს მომავალი, როგორც ინოვაციური ეკონომიკის და როგორც იდეების ჰაბის, ისევე როგორც გეოგრაფიული ჰაბის“, - განაცხადა გარეტ უორდმა.

მისი თქმით, ბოლო წლებში დაინახა რისკი, რომ საქართველომ ეს პოზიცია დაკარგოს. ელჩის განმარტებით, ქვეყნის საერთაშორისო ჰაბის ფუნქცია მხოლოდ გეოგრაფიულ მდებარეობასა და სატრანსპორტო დერეფანს არ უნდა უკავშირდებოდეს.

უორდის ხედვით, საქართველო უნდა დარჩეს საერთაშორისო ბიზნესის, ექსპერტებისა და იდეების გაცვლის მნიშვნელოვან ცენტრად. მისი თქმით, მნიშვნელოვანია, რომ უცხოელი ექსპერტებისთვის თბილისი იყოს ადგილი, სადაც ისინი საერთაშორისო კონფერენციებში, საქმიან შეხვედრებსა და სხვადასხვა დისკუსიაში მონაწილეობის მისაღებად ჩამოვლენ.

მისი შეფასებით, საქართველოს მომავალში მნიშვნელოვანი ადგილი უნდა ეკავოს როგორც გეოგრაფიულ ჰაბს, ისე ინოვაციურ ეკონომიკასა და საერთაშორისო იდეების ცენტრს.

წყარო: bm.ge