საერთაშორისო მეცნიერთა გუნდმა ხელოვნური ინტელექტის ახალი მოდელი შეიმუშავა, რომელსაც ვირტუალური ტურიზმისთვის რეალისტური პანორამული გამოსახულებების გენერირება შეუძლია. ტექნოლოგიას შესაძლოა, კულტურული მემკვიდრეობის დაცვასა და ტურისტული მიმართულებების პოპულარიზაციაში მნიშვნელოვანი გამოყენება ჰქონდეს. კვლევა სამეცნიერო ჟურნალ International Journal of Information Quality-ში გამოქვეყნდა.
მოდელს SGMSD-Net ეწოდება. მისი მთავარი უპირატესობა ის არის, რომ ხელოვნური ინტელექტის მიერ შექმნილი გამოსახულება მხოლოდ ვიზუალურად მიმზიდველი კი არ არის, არამედ მაქსიმალურად შეესაბამება აღწერილი ადგილის შინაარსსა და მახასიათებლებს. ამისთვის სისტემა სემანტიკურ ანალიზსა და დიფუზიურ მოდელირებას აერთიანებს. გამოსახულება სამ ეტაპად, სხვადასხვა გარჩევადობით მუშავდება: თავდაპირველად იქმნება სცენის საერთო სტრუქტურა, შემდეგ კი ემატება ტექსტურები და განათების დეტალები.
მკვლევრებმა მოდელი SUN360-ისა და Matterport3D-ის მონაცემთა ბაზებზე გამოსცადეს. შედეგებმა აჩვენა, რომ SGMSD-Net-მა გამოსახულების ხარისხის, აღქმითი მსგავსებისა და ტექსტურ აღწერასთან შესაბამისობის თვალსაზრისით ოთხ არსებულ მოდელს აჯობა. დამატებითმა შეფასებამ ასევე დაადასტურა გენერირებული სცენების ვიზუალური სიცხადე და თანმიმდევრულობა.
მკვლევართა შეფასებით, ტექნოლოგია შესაძლებელს გახდის ვირტუალური ტურების შექმნას, რომლის საშუალებითაც ადამიანები მოგზაურობამდე შეძლებენ სხვადასხვა ადგილის დათვალიერებას. მისი გამოყენება ასევე შეიძლება ისტორიული ძეგლების საგანმანათლებლო რეკონსტრუქციისთვის, განსაკუთრებით იმ ობიექტების შემთხვევაში, რომლებთან წვდომაც შეზღუდულია ან რომელთა დაცვაც ტურისტული დატვირთვის შემცირებას მოითხოვს.
სამომავლოდ მეცნიერები მოდელის სამგანზომილებიან რეკონსტრუქციასა და მულტიმოდალურ ხელოვნურ ინტელექტთან გაერთიანებას გეგმავენ. მათი მიზანია უფრო ინტერაქტიული ვირტუალური გარემოს შექმნა, რომელიც სხვადასხვა ტიპის ინფორმაციას დაამუშავებს.