აშშ-ის ენერგეტიკის დეპარტამენტის ენერგეტიკული ინფორმაციის ადმინისტრაციამ (EIA) 2026 წლის ნავთობის ფასების პროგნოზი ზედიზედ მეოთხედ გაზარდა. უწყების ნოემბრის მოკლევადიანი პროგნოზის მიხედვით, Brent-ის მარკის ნავთობის საშუალო წლიური ფასი ბარელზე 97.44 დოლარს მიაღწევს, მაშინ როდესაც წინა პროგნოზი 96.32 დოლარს შეადგენდა. ზრდა 1.2%-ია.
პროგნოზის ზრდის მთავარ მიზეზებად გლობალური ნავთობის მარაგების შემცირება, ახლო აღმოსავლეთში ნავთობტანკერებზე თავდასხმები, საზღვაო გადაზიდვების შეზღუდვა და ტრანსპორტირების ხარჯების მატება სახელდება. EIA-ს მონაცემებით, ოქტომბერში Brent-ის საშუალო ფასი ბარელზე 124 დოლარი იყო, რაც სექტემბრის მაჩვენებელს 10 დოლარით აღემატებოდა. ინფლაციის გათვალისწინებით, ეს 2022 წლის ივლისის შემდეგ ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.
უწყების შეფასებით, არსებული მიწოდების შეზღუდვების შენარჩუნების შემთხვევაში, Brent-ის სპოტური ფასი ნოემბერსა და დეკემბერში ბარელზე დაახლოებით 100 დოლარის ფარგლებში იქნება. ამასთან, EIA გლობალური ნავთობის მიწოდების თანდათანობით აღდგენას 2027 წელს ელოდება.
რაც შეეხება მომდევნო წელს, აშშ-ის ენერგეტიკის ინფორმაციის ადმინისტრაციამ Brent-ის საშუალო წლიური ფასის პროგნოზიც გაზარდა და 85.78 დოლარით განსაზღვრა, მაშინ როდესაც წინა პროგნოზი 83.74 დოლარი იყო.