საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ლონდონის საერთაშორისო გამოფენაზე WTM London 2026 ეროვნული სტენდით წარსდგა.
საქართველოს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ დიდ ბრიტანეთში, ტურიზმის სფეროში მსოფლიოში ერთ-ერთ უმსხვილეს და პრესტიჟულ საერთაშორისო გამოფენაში World Travel Market (WTM) London 2026 მიიღო მონაწილეობა.
ადმინისტრაციასთან ერთად, გამოფენაში საქართველოდან 20-მდე ტურისტული კომპანია, აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი და იმერეთის დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაცია (DMO) მონაწილეობდნენ. ვიზიტორებსა და სექტორის წარმომადგენლებს საქართველოს ეროვნულ სტენდზე შესაძლებლობა ჰქონდათ, ამომწურავად გაცნობოდნენ ქვეყნის ტურისტულ მიმართულებებს, პროდუქტებს, კულტურულ-ისტორიულ მემკვიდრეობასა და ოთხსეზონიან ტურისტულ პოტენციალს.
საქართველოს დელეგაციამ უცხოელ ტუროპერატორებთან და საერთაშორისო პარტნიორებთან ორმხრივი საქმიანი შეხვედრები გამართა. გამოფენაზე საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებულ სამეფოში, ილია დარჩიაშვილი იმყოფებოდა.
გამოფენის ფარგლებში, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მაია ომიაძე საერთაშორისო მედიაკომპანიების, დაჯავშნისა და მოგზაურობის გლობალური პლატფორმების, მარკეტინგული სააგენტოების, ავიაციის, ტექნოლოგიების, გასართობი და კინოინდუსტრიის კორპორაციების ხელმძღვანელებს შეხვდა. სამომავლო პარტნიორობისა და ერთობლივი პროექტების დაგეგმვის მიზნით, შეხვედრები გაიმართა მსოფლიოში წამყვან ბრენდებთან: Amadeus, Booking.com, Skyscanner, AVIAREPS, Warner Bros. Discovery, Bloomberg, The New York Times, BBC, National Geographic Traveller, Condé Nast და სხვა.
„ლონდონის გამოფენაზე ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციასთან ერთად 20-მდე კერძო სექტორის წარმომადგენელია წარმოდგენილი, ასევე სახელმწიფო უწყებები, იმერეთისა და აჭარის დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაციები. ეს ღონისძიება ემსახურება როგორც ტურიზმის ადმინისტრაციისთვის, ისე კერძო სექტორისთვის კავშირების გაღრმავებას, ახალი ბიზნესკონტაქტების დამყარებას, საერთაშორისო მედიებთან შეხვედრებსა და სამომავლო კამპანიების დაგეგვას“ - აღნიშნავს მაია ომიაძე.
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის თქმით, დიდ ბრიტანეთში საქართველოს შესახებ აქტიური მარკეტინგული კამპანია გრძელდება. „მთელი წლის განმავლობაში, დიდ ბრიტანეთში საქართველოს შესახებ მარკეტინგული კამპანიები ძალიან წარმატებულად მიმდინარეობს. ლონდონის მთავარ ქუჩებში საქართველოს შესახებ გარე რეკლამა მომზადდა. მაღალი რეპუტაციის მქონე მედია საშუალებებმა საქართველოს შესახებ სტატიები გაავრცელეს. შედეგად მესამე კვარტალში 18%-იანი მატება გვაქვს, როგორც შემოსავლების, ისე ვიზიტორების ოდენობით ბრიტანეთიდან. დიდი ბრიტანეთის ბაზარი საქართველოსთვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანია“ - განმარტავს მაია ომიაძე.
დიდი ბრიტანეთიდან საქართველოს მიმართულებით მოგზაურთა ინტერესი დინამიურად იზრდება. 2026 წლის მესამე კვარტალში (ივლისი-სექტემბერი) გაერთიანებული სამეფოდან განხორციელებული ვიზიტების რაოდენობა გასული წლის იმავე პერიოდთან შედარებით 18.2%-ით გაიზარდა.