ევროკომისიის შეფასებით, საქართველოში დემოკრატიის მდგომარეობა გასული ერთი წლის განმავლობაში კიდევ უფრო გაუარესდა. სასამართლო სისტემის ფუნქციონირების მიმართულებით კომისია ქვეყანას მომზადების საწყის ეტაპზე აფასებს და მნიშვნელოვან უკუსვლაზე მიუთითებს.
ამის შესახებ ნათქვამია ევროკომისიის 2026 წლის ანგარიშში საქართველოს შესახებ, რომელიც 4 ნოემბერს, გაფართოების პაკეტის ფარგლებში გამოქვეყნდა. დოკუმენტი 2025 წლის 1 სექტემბრიდან 2026 წლის 1 სექტემბრამდე პერიოდს მოიცავს.
ანგარიშის თანახმად, 2025 წლის დეკემბერში განხორციელებულმა საკანონმდებლო ცვლილებებმა იუსტიციის უმაღლეს საბჭოს დამატებითი უფლებამოსილებები მიანიჭა და „სასამართლოს მიტაცების საფრთხე გააუარესა“. კერძოდ, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების შეფასებების გამოქვეყნება სავალდებულო აღარ არის, ხოლო მათი დანიშვნის საკითხზე კენჭისყრა დახურულ სხდომაზე, ფარული წესით იმართება.
კომისია ასევე მიუთითებს, რომ აქციების მონაწილეებისთვის შეფარდებული მკაცრი და არაპროპორციული სასჯელები აჩენს შეშფოთებას სასამართლოს შესაძლო გამოყენების შესახებ რეპრესიების მექანიზმად.
„აქციების მონაწილეებისთვის შეფარდებული მკაცრი და არაპროპორციული სასჯელები ქმნის შიშს, რომ სასამართლო რეპრესიების სისტემის აღსრულების იარაღად გამოიყენება“, — ნათქვამია ანგარიშში.
დოკუმენტის მიხედვით, 2025 წლის სექტემბერში დამოუკიდებელი ინსპექტორის სამსახური გაუქმდა, რამაც მოსამართლეთა ანგარიშვალდებულების მექანიზმები მნიშვნელოვნად დაასუსტა.
ანგარიშში მნიშვნელოვანი ყურადღება ეთმობა ანტიკორუფციული ინსტიტუტების რეფორმასაც. 2025 წლის დეკემბერში განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილებებით ანტიკორუფციული სფეროს ძირითადი ფუნქციები მთავრობასა და სახელმწიფო აუდიტის სამსახურს შორის გადანაწილდა, ხოლო 2026 წლის მარტში ანტიკორუფციული ბიურო საბოლოოდ გაუქმდა და მისი უფლებამოსილებები სახელმწიფო აუდიტის სამსახურს გადაეცა. მათ შორის, აუდიტის სამსახურს დაეკისრა თანამდებობის პირთა ქონებრივი დეკლარაციების, მამხილებელთა დაცვის, პოლიტიკური პარტიების დაფინანსებისა და ინტერესთა კონფლიქტის კონტროლი.
ევროკომისიის შეფასებით, ბიუროს გაუქმება და მისი ფუნქციების სხვა ინსტიტუტისთვის გადაცემა GRECO-სა და ვენეციის კომისიის რეკომენდაციების გათვალისწინების გარეშე მოხდა. მიუხედავად იმისა, რომ სახელმწიფო აუდიტის სამსახური პარლამენტის წინაშე ანგარიშვალდებული დამოუკიდებელი ინსტიტუტია, სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობასთან დაკავშირებული პრობლემები და დემოკრატიული კონტროლისა და ბალანსის მექანიზმების შეზღუდვა ეფექტიანი ზედამხედველობის შესაძლებლობას ამცირებს.
ევროკომისია აღნიშნავს, რომ კორუფციასთან დაკავშირებული საქმეების რაოდენობა გაიზარდა, თუმცა კვლავ არსებობს შერჩევითი მიდგომის რისკი. ანგარიშის თანახმად, საქართველოს 2020 წლის შემდეგ ანტიკორუფციული სტრატეგია არ მიუღია, დეოლიგარქიზაციის მიმართულებით კი პროგრესი არ დაფიქსირებულა.
„დეოლიგარქიზაციის მიმართულებით არანაირი ნაბიჯი არ გადადგმულა, ხოლო ღრმად ფესვგადგმული ოლიგარქიული გავლენა ხელს უწყობს სახელმწიფოს მიტაცებას და აფერხებს დემოკრატიის კონსოლიდაციას“, — აღნიშნულია ანგარიშში.
კომისია ასევე ციტირებს „საერთაშორისო გამჭვირვალობის“ კორუფციის აღქმის ინდექსს, რომლის მიხედვითაც საქართველო 2025 წელს 56-ე ადგილზე იყო, მაშინ როდესაც 2022 წელს 41-ე ადგილს იკავებდა.
გარდა ამისა, ღია მმართველობის პარტნიორობამ (OGP) საქართველოს წევრობა 2026 წლის აპრილში სამუდამოდ შეაჩერა. იმავე წლის მარტში გაუქმდა პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურიც.