სოციალური სამართლიანობის ცენტრის (SJC) განცხადებით, საქართველოში სოციალურად დაუცველთა რაოდენობის მკვეთრი შემცირება არაერთ პასუხგაუცემელ კითხვას აჩენს. ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებული მიმოხილვის თანახმად, 2026 წლის იანვარ-სექტემბერში საარსებო შემწეობის მიმღებთა რაოდენობა 163 111 ადამიანით, ანუ 23%-ით შემცირდა და სექტემბრის მდგომარეობით 547 115 შეადგინა.

ორგანიზაციის ინფორმაციით, დახმარების მიმღებთა რაოდენობა ქვეყნის ყველა რეგიონში შემცირდა. ყველაზე მაღალი კლება რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში დაფიქსირდა — 35.6%, გურიაში — 30.4%, კახეთში — 28.6%, სამცხე-ჯავახეთში კი — 28.3%. მუნიციპალიტეტებს შორის პროცენტულად ყველაზე მკვეთრი შემცირება ასპინძაში (44.7%), ცაგერში (40.5%) და ყვარელში (38.5%) აღირიცხა.

რაოდენობრივად ყველაზე მეტი ბენეფიციარი ზუგდიდში გამოაკლდა — 7 737 ადამიანი, გორში — 6 485, ბოლნისში — 4 446, რუსთავში — 4 267, ხოლო ბათუმში — 4 174 ადამიანი.

სოციალური სამართლიანობის ცენტრში მიიჩნევენ, რომ საარსებო შემწეობის მიმღებთა რაოდენობის შემცირება თავისთავად ვერ ჩაითვლება სიღარიბის დაძლევის ან სოციალური პოლიტიკის ეფექტიანობის მაჩვენებლად. ორგანიზაციის შეფასებით, მნიშვნელოვანია გაირკვეს, რამდენად გაუმჯობესდა იმ ოჯახების მატერიალური მდგომარეობა, რომლებმაც დახმარება დაკარგეს, აქვთ თუ არა მათ საბაზისო საჭიროებებზე წვდომა და ხომ არ არსებობს მათი ხელახალი გაღარიბების რისკი.