ბავარიის ქალაქ კინზაუში(გერმანია) ქუჩაში სიგარეტის ნამწვებს მეორე სიცოცხლე მიეცათ – მათგან დიზაინერული ჩარჩოების დამზადება დაიწყეს. პირველ რიგში, ფილტრი იწმინდება ფისებისგან, ნიკოტინისგან, მძიმე მეტალებისა და სხვა ტოქსიკური ნივთიერებებისგან, შემდეგ კი გარდაიქმნება ცელულოზის აცეტატის ნედლეულად, მასალად, რომელიც გამოიყენება სათვალეების დასამზადებლად. ერთი ჩარჩოსთვის დაახლოებით 600 სიგარეტის ნამწვია საჭირო.
ეს ტექნოლოგია ჩილეს სტარტაპმა შეიმუშავა. დამუშავების დროს ფილტრებიდან ამოაქვთ ცელულოზის აცეტატი, რომელიც, როგორც წესი, ბამბისგან ან ხისგან მიიღება. ამასთან, ახალი პროცესი პრაქტიკულად არ საჭიროებს წყალს. გასუფთავებული ნედლეული გარდაიქმნება გრანულებად, იღებება და იწნეხება ფურცლებად. ამის შემდეგ ხდება ჩარჩოს კომპონენტების დამუშავება (ფრეზირება).
შემდეგ იწყება ხელოსნების დაძაბული შრომა: ნაწილები გადის ოთხეტაპიან ბარაბნის გაპრიალების პროცესს, რომელიც დაახლოებით ერთი კვირა გრძელდება, შემდეგ ხელით აპრიალებენ ბზინვარებამდე და ფიქსატორებით ამაგრებენ. ერთი ჩარჩო დაახლოებით 180 ოპერაციას მოითხოვს. შედეგად მიიღება მტკიცე და გამძლე სათვალე, რომლებიც გარეგნულად არაფრით განსხვავდებიან ჩვეულებრივებისგან.
გადამუშავება ასევე ხელს უწყობს წარმოების გარემოზე ზემოქმედების შემცირებას. სიგარეტის ფილტრები დამზადებულია ცელულოზის აცეტატისგან, რომელიც პლასტმასის ერთ-ერთი სახეობაა.
ახალი მასალის ნახშირბადის კვალი დაახლოებით 36%-ით ნაკლებია სტანდარტული აცეტატის ნარჩენებთან შედარებით და მისგან დამზადებული მინები გადამუშავებადია. ეს ასევე მნიშვნელოვანია, რადგან გადაყრილ სიგარეტის ნამწვს შეუძლია 40 ლიტრამდე მიწისქვეშა წყლების დაბინძურება.
სათვალის დასამზადებლად ნედლეულის შესაგროვებლად ბავარიის რამდენიმე ქალაქში სპეციალური კონტეინერები დამონტაჟდა მერიების, სახანძრო სადგურების, მაღაზიებისა და პარკების მახლობლად. დასუფთავების სამსახურების მონაცემებით, გერმანიის ქუჩებსა და მოედნებზე ყოველდღიურად დაახლოებით 140 მილიონი სიგარეტის ნამწვი რჩება.