Nvidia-ს აღმასრულებელმა დირექტორმა ჯენსენ ჰუანგმა მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანების ათეული დატოვა. ბოლო ორი დღის განმავლობაში მისი ქონება $15.8 მილიარდით შემცირდა, რაც კომპანიის აქციების ფასის ვარდნასა და ჰუანგის პირად ცხოვრებასთან დაკავშირებულ სკანდალს მოჰყვა.
Forbes-ის რეალურ დროში განახლებადი მილიარდერთა რეიტინგის მიხედვით, ამჟამად ჯენსენ ჰუანგის ქონება $147 მილიარდს შეადგენს. შედეგად, მან რეიტინგში ოთხი პოზიციით დაიხია უკან და მე-12 ადგილზე გადაინაცვლა. ამჟამად ის ესპანელ ბიზნესმენ ამანსიო ორტეგასა და Walmart-ის დამფუძნებლის, სემ უოლტონის, მემკვიდრე რობ უოლტონსა და მის ოჯახს ჩამორჩება.
მხოლოდ სამშაბათს ჰუანგის ქონება $8.4 მილიარდით შემცირდა. ორშაბათს კი მისი დანაკარგი $7.4 მილიარდს შეადგენდა. შედეგად, Nvidia-ს ხელმძღვანელი სამშაბათს მსოფლიოს უმდიდრეს ადამიანებს შორის ქონების ყველაზე დიდი დღიური დანაკარგის მქონე პირი გახდა. მეორე ადგილზე Microsoft-ის ყოფილი აღმასრულებელი დირექტორი სტივ ბალმერი აღმოჩნდა, რომლის ქონებაც $2.8 მილიარდით შემცირდა.
Nvidia-ს აქციები სამშაბათს 5.5%-ით შემცირდა. შედეგად, კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაციამ $4.07 ტრილიონამდე იკლო. შედარებისთვის, 2 ოქტომბერს Nvidia-ს საბაზრო ღირებულებამ $5.7 ტრილიონს მიაღწია, რის შემდეგაც ანალიტიკოსები ვარაუდობდნენ, რომ კომპანია პირველი იქნებოდა, რომლის კაპიტალიზაციაც $6 ტრილიონს გადააჭარბებდა.
აქციების ფასის ვარდნა ჰუანგის პირადი ცხოვრების გარშემო განვითარებულ მოვლენებს უკავშირდება. კვირას Nvidia-ს ხელმძღვანელმა თანამშრომლებს დაუდასტურა, რომ ქორწინების მიღმა ურთიერთობა ჰქონდა ელის ჰუანგთან – ბიზნესმენთან, რომელზეც აშშ-ის ოფიციალური პირები ეჭვობენ, რომ ჩინეთის სახელმწიფო უსაფრთხოების სამინისტროსთან თანამშრომლობდა და კომპანიის შესახებ ინფორმაციას აგროვდება.
Nvidia-მ ამ ურთიერთობისა და შესაძლო უცხოური სადაზვერვო ჩარევის შესასწავლად დამოუკიდებელი გამოძიება დაიწყო. კომპანიის განცხადებით, ამ ეტაპზე არ არსებობს საფუძველი ვარაუდისთვის, რომ ეროვნული უსაფრთხოება ან Nvidia-ს კომერციული საიდუმლოებები დაზარალდა.
სკანდალის ფონზე ყურადღება ჰუანგისა და მისი მეუღლის, ლორი ჰუანგის, შესაძლო განქორწინების ფინანსურ შედეგებსაც მიექცა. Forbes-ის ცნობით, Nvidia-ს 2026 წლის აქციონერთა კრების დოკუმენტების მიხედვით, ჰუანგების აქციების უმრავლესობა ტრასტებშია განთავსებული, რომელთა თანამმართველებიც ორივე მეუღლეა.
კალიფორნიაში არსებული კანონით, ქორწინების განმავლობაში შეძენილი ქონება განქორწინების შემთხვევაში, როგორც წესი, მეუღლეებს შორის თანაბრად ნაწილდება, თუ კონკრეტული აქტივები ერთ-ერთი მათგანის პირად საკუთრებად არ არის მიჩნეული. ამ ეტაპზე უცნობია, აქვთ თუ არა ჰუანგებს საქორწინო ან ქორწინების შემდგომი ქონებრივი შეთანხმება და განიხილავენ თუ არა ისინი განქორწინებას.