პარლამენტი 2026 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში ცვლილებებს განიხილავს. პროექტის მიხედვით, საგადასახადო შემოსავლები ₾690 მლნ-ით იზრდება, რასაც მიზნობრივზე მაღალი ინფლაცია და ეკონომიკური ზრდა განაპირობებს. ამასთან, 25%-ით, ₾200 მლნ-დან ₾250 მლნ-მდე იზრდება ჯარიმებისა და საურავების სახით მისაღები თანხების პროგნოზი.

ბიუჯეტის მთლიანი შემოსულობები მხოლოდ ₾60 მლნ-ით, ₾30.8 მლრდ-მდე იზრდება, თუმცა ცვლილებების ფარგლებში მცირდება სახელმწიფოს მიერ ასაღები ვალის მოცულობა — ₾5.1 მლრდ-დან ₾4.3 მლრდ-მდე. კლება მთლიანად საგარეო ვალდებულებებზე მოდის.

საგადასახადო შემოსავლების ზრდის ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი ინფლაციაა. 2026 წლის იანვარ-ოქტომბერში სამომხმარებლო ფასები 5.4%-ით გაიზარდა, მაშინ როდესაც ეროვნული ბანკის მიზნობრივი მაჩვენებელი 3%-ია. ამასთან, იანვარ-სექტემბერში ეკონომიკურმა ზრდამ 7.4% შეადგინა, დაგეგმილი 5%-ის ნაცვლად.

ცვლილებების მიხედვით, ყველაზე მეტად მოგების გადასახადიდან მისაღები შემოსავლები იზრდება. პროგნოზის ზრდას ხელს უწყობს საბანკო სექტორის მოგების მატება, რომელმაც პირველ სამ კვარტალში თითქმის ₾480 მლნ შეადგინა. ასევე, იზრდება სათამაშო ბიზნესის ბრუნვა.

საშემოსავლო გადასახადიდან მისაღები თანხები მხოლოდ 1%-ით იზრდება, რაც ხელფასების რეალური ზრდის შენელების ფონზე ხდება. ამასთან, პრივატიზაციიდან მისაღები შემოსავლები ₾200 მლნ-დან ₾230 მლნ-მდე იზრდება, გრანტები კი ₾346 მლნ-დან ₾303 მლნ-მდე მცირდება.

აღსანიშნავია, რომ ჯარიმებისა და საურავების სახით ბიუჯეტში ₾250 მლნ-ის მობილიზებაა დაგეგმილი. ამ მოცულობის თანხა აღნიშნული წყაროდან სახელმწიფო ბიუჯეტში აქამდე არასდროს შესულა.