რამდენიმე დღის წინ, ესპანეთს, პორტუგალიას და სამხრეთ საფრანგეთს ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდა.
ინციდენტმა ქაოსი გამოიწვია ათობით მილიონ ადამიანში. გაითიშა შუქნიშნები, ბანკომატები, გაჩერდა საზოგადოებრივი ტრანსპორტი, შეწყდა სატელეფონო სერვისი და ხალხს ღამის გატარება სანთლის შუქზე მოუხდა. ბევრი ადამიანი გაიჭედა მატარებლებსა და ლიფტებში.
ესპანეთის პრემიერ-მინისტრმა პედრო სანჩესმა განაცხადა, რომ ელექტროენერგიის გათიშვის ზუსტი მიზეზი ჯერ ცნობილი არ არის. ადრეულ ანგარიშში, პორტუგალიის ელექტრომომარაგების კომპანია REN-მა ინციდენტში დაადანაშაულა იშვიათი ფენომენის მოვლენა, რომელსაც „ინდუცირებულ ატმოსფერულ ვიბრაციას“ უწოდებენ. შემდეგში REN-მა ეს ინფორმაცია უარყო.
თუმცა, საინტერესოა, რას წარმოადგენს ეს ვიბრაცია? როგორ შეიძლება ენერგოსისტემების ისე გაუმჯობესება, რომ შემცირდეს ასეთი მასშტაბური გათიშვის რისკი?
ამ ფენომენის დეტალებთან დაკავშირებით, ავსტრალიის სუინბერნის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის ელექტროინჟინერიის პროფესორი მეჰდი სეიედმაჰმუდიანი გამოცემა The Conversation-ში წერილს აქვეყნებს. სტატია სწორედ მის წერილზე დაყრდნობით მოვამზადეთ.
რამდენად ახდეს გავლენას ამინდი ელექტროენერგიაზე
ამინდი ელექტრომომარაგების შეფერხებების ძირითადი მიზეზია. უფრო მეტიც, აშშ-ში 2000-2021 წლებში მომხდარი დიდი გათიშვებიდან 83 პროცენტის მიზეზი ამინდთან დაკავშირებული მოვლენები იყო.
ამინდი ელექტრომომარაგებაზე გავლენის მოხდენა მრავალმხრივ შეუძლია. მაგალითად, ციკლონები გლეჯს ელექტროგადამცემ ხაზებს, სითბური ტალღები ზრდის ელექტროენერგიაზე მოთხოვნას, ტყის ხანძრები კი ხშირად ანადგურებს ქვესადგურებს.
გადამცემი ხაზების ვიბრირებას იწვევს ქარიც. ეს ვიბრაციები ხასიათდება მაღალი ამპლიტუდით და დაბალი სიხშირით ან დაბალი ამპლიტუდითა და მაღალი სიხშირით.
ეს ვიბრაციები მნიშვნელოვანი პრობლემაა ელექტრომომარაგების ოპერატორებისთვის. ზრდიან ელექტრომომარაგების ინფრასტრუქტურაზე დატვირთვას, რამაც შეიძლება გათიშვა გამოიწვიოს.
ვიბრაციათა რისკის შესამცირებლად, ოპერატორები ხშირად იყენებენ სადენების სტაბილიზატორებს.
რა არის ინდუცირებული ატმოსფერული ვიბრაცია?
ელექტროგადამცემი ხაზების ვიბრაცია ასევე შეიძლება გამოიწვიოს ჰაერის ტემპერატურის ან წნევის ექსტრემალურმა ცვლილებამ. სწორედ ესაა ერთ-ერთი ჰიპოთეზა პირენეს ნახევარკუნძულზე მასშტაბური გათიშვის მიზეზის შესახებ.
პორტუგალიის ელექტრომომარაგების კომპანია REN-ი თავდაპირველად აცხადებდა:
„ესპანეთის შიდა ნაწილში ტემპერატურის უკიდურესი ცვალებადობის გამო, ძალიან მაღალი ძაბვის ხაზებში (400 kV) ანომალიური რხევები დაფიქსირდა — ფენომენი, რომელსაც „ინდუცირებულ ატმოსფერულ ვიბრაციას“ უწოდებენ. ამ რხევებმა გამოიწვია ელექტროსისტემებს შორის სინქრონიზაციის ხარვეზები, რამაც შემდეგ განაპირობა დარღვევები ურთიერთდაკავშირებულ ევროპულ ქსელში“.
სინამდვილეში, „ინდუცირებული ატმოსფერული ვიბრაცია“ ფართოდ გამოყენებული ტერმინი არ არის და ალბათ უფრო წარმოადგენს იმ ფიზიკური პროცესების ახსნას, რომელიც კლიმატის მეცნიერებისთვის საკმაოდ დიდი ხანია ცნობილია.
მარტივად რომ ვთქვათ, იგულისხმება ტალღების მსგავსი მოძრაობები ანუ რხევები ატმოსფეროში, რასაც ტემპერატურის ან წნევის უეცარი ცვლილება იწვევს. ეს შეიძლება გამოწვეული იყოს უკიდურესი სიცხით, ენერგიის ფართომასშტაბიანი გამოთავისუფლებით (მაგალითად, აფეთქებებით ან ტყის ხანძრებით) ან ამინდის ძლიერი მოვლენებით.
როდესაც დედამიწის ზედაპირის ნაწილი სითბური ტალღის (მაგალითად) გამო ძლიერ სწრაფად თბება, მის ზემოთ ჰაერიც თბება, ფართოვდება და მსუბუქდება. ზემოთ ამავალი ეს ჰაერი წარმოქმნის წნევის დისბალანსს მიმდებარე ცივ, მკვრივ ჰაერთან. ამ დისბალანსის საპასუხოდ, ატმოსფერო წარმოქმნის ტალღებს, რომლებიც ძლიერ ჰგავს გუბეში ქვის ჩაგდებით წარმოქმნილ ჭავლებს.
წნევის ეს ტალღები ატმოსფეროში გადაადგილდება. ზოგიერთ შემთხვევაში, ისინი ელექტროენერგიის ინფრასტრუქტურასთან ურთიერთქმედებს, განსაკუთრებით გრძელ, მაღალი ძაბვის გადამცემ ხაზებზე.
როგორც წესი, ამ ტიპის ატმოსფერულ ტალღებს გრავიტაციის ტალღებს, თერმულ რხევებს ან აკუსტიკურ-გრავიტაციის ტალღებს უწოდებენ. მიუხედავად იმისა, რომ ტერმინი „ინდუცირებული ატმოსფერული ვიბრაცია“ მეტეოროლოგიაში ოფიციალურად დამკვიდრებული არ არის, როგორც ჩანს, ის ფენომენების ამავე ოჯახის წარმომადგენელს აღწერს.