ჯანდაცვის სამინისტროსთვის განსაზღვრული დაფინანსებიდან მიმდინარე წლის პირველ მახევარში უწყებამ 4 მილიარდ 380 მილიონი ლარი აითვისა, რაც 6 თვის გეგმასთან მიმართებაში 99.2%-ს შეადგენს.
ამის შესახებ ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტზე გახდა ცნობილი, სადაც 2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების 6 თვის ანგარიში მოისმინეს.
პარლამენტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაციის თანახმად, 2025 წელს ჯანდაცვის სამინისტროს დაფინანსება 8 820.0 მილიონი ლარია. აქედან წლის პირველ ნახევარში სამინისტრომ 4 380.0 მილიონი ლარი აითვისა, რაც წლიური გეგმის 49.7%-ია, ხოლო უშუალოდ 6 თვის გეგმასთან მიმართებაში - 99.2%.
„რაც შეეხება სამინისტროს მიერ განსახორციელებელ პროგრამებს, აქაც შესრულების კარგი მაჩვენებლებია. ეს შეეხება როგორც სოციალურ, ასევე ჯანდაცვის მიმართულებებით არსებულ პროგრამებს“, - განაცხადა ფინანსთა მინისტრის პირველმა მოადგილემ გიორგი კაკაურიძემ.
სახელმწიფო ბიუჯეტის 6 თვის შესრულების ანგარიშის წარდგენის შემდეგ ფინანსთა მინისტრის პირველმა მოადგილემ კომიტეტის წევრების შეკითხვებს უპასუხა, რომლებიც სამინისტროს მიერ ცალკეული პროგრამების შესრულების მიმდინარეობას, საგარეო ვალდებულებებისა და სესხების დაბრუნების მონაცემებს და სხვა საკითხებს შეეხებოდა.