3 ოქტომბერს, ევროკომისიის მიერ გავრცელებილი განცხადების თანახმად, ევროკავშირის აღმასრულებელმა ორგანომ გადაწყვიტა, უჩივლოს უნგრეთს, რადგან მიიჩნევს, რომ ამ ქვეყნის მიერ მიუღებული კანონი ეროვნული სუვერენიტეტის დაცვის შესახებ ევროკავშირის კანონმდებლობას ეწინააღმდეგება. ეს კანონი უნგრეთის პარლამენტმა გასული წლის დეკემბერში დაამტკიცა და როგორც მმართველი პარტია „ფიდესი “აცხადებს, მისი მიღება საგარეო პოლიტიკური ჩარევებისგან თავის დაცვის მიზნით მოხდა.

სადავოდ ქცეულ კანონში აღნიშნულია, რომ მემარცხენე ოპოზიციამ, ანუ ორბანის ოპონენტებმა, გასული წლის საპარლამენტო არჩევნებამდე, შემოწირულობების სახით, მილიონობით დოლარი მიიღო. კანონში ასევე ნათქვამია, რომ თუ ხელისუფლებაში უცხოურ ფულზე დამოკიდებული პოლიტიკური ჯგუფები მოვლენ, ეს „უნგრეთის სუვერენიტეტს დააზარალებს და საფრთხეს შეუქმნის ეროვნულ უსაფრთხოებას“.

მიმდინარე წლის თებერვალში ევროკომისიამ უნგრეთს ოფიციალური შეტყობინება გაუგზავნა და აცნობა, რომ მის წინააღმდეგ, შესაძლოა, ე. წ „დარღვევის პროცედურა“ დაიწყოს. ეს პროცედურა მაისში შემდგომ ეტაპზე გადავიდა: ბუდაპეშტში კიდევ ერთი წერილი ოფიციალური შეტყობინება გაიგზავნა, რომლის თანახმად, უნგრეთის ხელისუფლებას ზემოაღნიშნული კანონმდებლობით გამოწვეული „შეშფოთება“ უნდა გაექარწლებინა. ვინაიდან ოფიციალური ბუდაპეშტის მხრიდან ეს არ გაკეთდა, ევროკომისიამ სარჩელის შეტანის გადაწყვეტილება მიიღო. ეს პროცესი შემდგომში, შესაძლოა, ევროკავშირის სასამართლოს მიერ უნგრეთისთვის ჯარიმის დაკისრებით დასრულდეს.

პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანის ეროვნულ-კონსერვატიული მთავრობის მიერ ინიცირებული კანონი არჩევნებში მონაწილე პარტიების უცხოურ დაფინანსებას კრძალავს და ასეთი ქმედებისთვის, სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გარდა ამისა, კანონის თანახმად, უნდა შეიქმნას სუვერენიტეტის დაცვის დეპარტამენტი, რომელიც პოლიტიკაზე საგარეო გავლენის შესაძლო რისკებს გამოავლენს და აღმოფხვრის. ორბანის ოპონენტები ამტკიცებენ, რომ ეს არის არადემოკრატიული ხერხებით ოპოზიციის დთრგუნვის გრძელვადიანი გეგმის კიდევ ერთი ნაწილი.

ორბანის მთავრობას ევროკომისიასთან გაჩაღებული აქვს მთელი რიგი დავები რეფორმებთან დაკავშირებით, რომლებიც, ევროკომისიის და ევროკავშირის ზოგიერთი წევრი ქვეყნის აზრით, ქვეყანაში დემოკრატიის შეზღუდვას ისახავს მიზნად. თავის მხრივ, ორბანი ამტკიცებს, რომ ის უნგრეთი ბრიუსელის მიერ მხარდაჭერილი ლიბერალური ღირებულებების არასასურველი გავლენისგან თავის დაცვას ცდილობს.

წყარო: 1tv.ge