მსოფლიოს ფორთოხლის წვენის კონცენტრატის დეფიციტი და მასზე ფასების ზრდა ემუქრება. ინფორმაციას Frankfurter Allgemeine Zeitung (FAZ) გერმანიის ხილის წვენების მწარმოებელთა ასოციაციაზე დაყრდნობით ავრცელებს.

ასოციაციის მონაცემებით, წლის განმავლობაში ერთი ფუნტი ფორთოხლის კონცენტრატი, თითქმის, მესამედით გაძვირდა. კერძოდ, ფასი 2,02 დოლარიდან 2,73 დოლარამდე გაიზარდა, მაშინ, როცა გასული წლის იანვარში ერთი ფუნტი კონცენტრატი მხოლოდ 1,42 დოლარი ღირდა.

ასოციაციის დირექტორი, კლაუს ჰაიტლინგერი აცხადებს, რომ თუ არსებული ვითარება გაგრძელდება, მომავალ წელს ციტრუსის ბაზარზე შესაძლოა, კრიზისი დაიწყოს. მისი თქმით, არსებული ვითარება ფორთოხლის კონცენტრატის მსოფლიოს უმსხვილეს მიმწოდებელ ქვეყანაში, ბრაზილიაში მოსავლის დაბალი დონით არის გამოწვეული.

ამასთან, ჰაიტლინგერის ცნობით, მსგავსი პრობლემები შეერთებულ შტატებსაც შეექმნა, სადაც ქარიშხლებმა და ციტრუსოვანი მცენარეების დაავადებების გავრცელებამ მოსავლის მოცულობის შემცირება გამოიწვია. ასევე, უამინდობამ მძიმე ვითარება მექსიკასა და ესპანეთშიც შექმნა.

ცნობისთვის: მიდმინარე კვირას შვეიცარიის რძის პროდუქტების მწარმოებელთა ფედერაციის პრეზიდენტ ბორის ბერემ გაზეთ Le Temps-თან ინტერვიუს დროს განაცხადა, რომ ქვეყანამ შესაძლოა, მსოფლიოში ცნობილი ყველის წარმოება შეწყვიტოს და ისტორიაში პირველად რძის იმპორტიორი გახდეს. ის მიზეზად ქვეყანაში რძის ფერმების დახურვას ასახელებს. ბორის ბერე ამბობს, რომ „მსოფლიოში შვეიცარული ყველის პოპულარობის მიუხედავად, მისი წარმოება სულ უფრო წამგებიანი ხდება. ქვეყანაში რძის ფასების ამჟამინდელი დონე ფერმერებს წარმოების ხარჯების დაფარვის საშუალებას არ აძლევს, ამიტომ ისინი იძულებული ხდებიან, ფერმები დახურონ.“ ამასთან, საცალო ქსელებისთვის უცხოური პროდუქციის შეძენა გაადვილდა, რადგან ის გაიაფდა, ხოლო ევროპაში ფასების ზრდამ მომხმარებლები აიძულა, იაფ პროდუქტზე, მათ შორის დაბალფასიან ყველზე გადაეტანა ყურადღება.

bpn.ge