ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა კონკურსში გამარჯვებულ კომპანიასთან გააფორმა შესაბამისი ხელშეკრულება. მომსახურების ვადად 6 თვე განისაზღვრა.
პროექტის მიხედვით, 1500 მაყურებელზე გათვლილ კომპლექსში მოეწყობა დახურული მინი საფეხბურთო დარბაზი, 100 მაყურებელზე გათვლილი ღია, ხელოვნურსაფარიანი საფეხბურთო მოედანი, სამოყვარულო სპორტული ცოცვის კედელი, ჩოგბურთის ორი ღია და ერთი დახურული ტიპის კორტი, პადელისა და ქვიშის ფრენბურთის მოედნები.
გარდა ამისა, კომპლექსში განთავსდება კულტურულ-შემეცნებითი ცენტრი, რომელიც მოიცავს მედიათეკა-ბიბლიოთეკას, სხვადასხვა ღონისძიებებისათვის განკუთვნილ სივრცეებს და ადმინისტრაციულ ბლოკს.
შენობა-ნაგებობების გარდა, ტერიტორიაზე, პროექტის მიხედვით, მოეწყობა ავტოსადგომი, საფეხმავლო ბილიკები, განათების და უსაფრთხოების თანამედროვე სისტემები.
რუსთავში მრავალფუნქციური კომპლექსის პროექტის განხორციელება მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ქალაქის სპორტული და საზოგადოებრივი ინფრასტრუქტურის განვითარებას, ახალგაზრდების ჩართულობას და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას.
ინფორმაციას ინფრასტრუქტურის სამინისტრო ავრცელებს.
რუსთავის მრავალფუნქციური კომპლექსის პროექტს შპს „ხმალაძე არქიტექტორები“ შეიმუშავებს, რომელთანაც ხელშეკრულება უკვე გაფორმებულია, მისი მოცულობაც 5 590 368 ლარია.